ისტორია
სიებით გასამართლების ისტორია
თქვენ ახლა კითხულობთ სტატიას, რომლის მიზანიცაა არა „სტალინური სიებით“ გასამართლების ისტორიის ამომწურავი აღწერა, არამედ იმ ძირითადი პრობლემების აღნიშვნა, რომლებიც წარმოიქმნება სიების შესწავლისას. ცხადია, სტატიაში მოყვანილ ინტერპრეტაციებს მნიშვნელოვანი დამატებები და დაზუსტებები სჭირდება. პოლიტბიუროს სიებთან მუშაობის ძირითადი მექანიზმები (ყოველ შემთხვევაში 1937-1938 წლებში) ნათელია, თუმცა, ბუნდოვანია სახელმწიფო უშიშროების უწყებებში ამ სიების ფორმირებისა და სასამართლოებში საქმეების მოძრაობის შემდგომი გზები. რუსეთის ფედერაციის არქივებში დაცულ დოკუმენტებზე წვდომის გარეშე, შეუძლებელია ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნა.
როგორ იწყებოდა
კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს რეჟიმისთვის პირველივე წლებიდან ნიშანდობლივი იყო ბრალდებულების ბედის წინასწარი განსაზღვრა, განაჩენის გამოტანა სასამართლოს ჩატარებამდე. სიტყვა „სიაც“ მაშინ ჩნდებოდა: 1929 წლის 18 ივლისის დადგენილების – „სამხედრო ინდუსტრიაში კონტრრევოლუციური ორგანიზაციის შესახებ“ – ბოლო პუნქტი გვამცნობდა: „მოსთხოვეთ გაერთიანებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოს (გსპს/ რუს. ОГПУ), წარადგინოს დასახვრეტთა სია და მასალები“[1]. მაგრამ ამ პრაქტიკას სულ სხვა ხასიათი ჰქონდა – ეს იყო ცალკეული, ყველაზე მნიშვნელოვანი (რეჟიმის თვალსაზრისით) საქმეები და არა ჩვეულებრივი, რეგულარული პროცედურა; მსჯავრდებულთა რაოდენობა თითოეულ ამ საქმეში ერთეულებს ითვლიდა; პოლიტბიუროს ეს გადაწყვეტილებები, ძირითადად, ხორციელდებოდა არასასამართლო ორგანოს – ОГПУ-ს კოლეგიის მეშვეობით. ამ მექანიზმმა არსებობა შეწყვიტა 1934 წლის 10 ივლისის შემდეგ, როდესაც ОГПУ გაუქმდა და მისი ოპერატიული ფუნქციები გადაეცა სსრკ-ს ახალშექმნილი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომი/ რუს. НКВД) სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს (რუს. ГУГБ). თუმცა მალევე შეიქმნა ამ არასამართლებრივი პროცედურის შემცვლელი ორგანო.
„სიებით“ მასობრივი გასამართლება დაიწყო სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს 1934 წლის 1 დეკემბრის განკარგულებით[2], რომელიც შემოიღეს სასამართლო წარმოების პროცედურების გასამარტივებლად. სერგეი კიროვის მკვლელობის დღეს გამოცემული ამ განკარგულების თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციებისა და ტერორისტული აქტების საქმეების შესახებ გამოძიება დაჩქარებული წესით (ათ დღემდე ვადაში) უნდა მომხდარიყო, სასამართლო სხდომა უნდა ჩატარებულიყო მხარეების მონაწილეობისა და მოწმეების გამოძახების გარეშე. 1934 წლის 1 დეკემბრის კანონი არ იძლეოდა არც კასაციის წესით გასაჩივრების და არც შეწყალების შესახებ შუამდგომლობის საშუალებას. გადაწყვეტილება, ძირითადად სიკვდილით დასჯა, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.
ამგვარად, ახალმა საპროცესო ნორმებმა შესაძლებელი გახადა პოლიტიკურ საქმეებზე სასჯელის გამოტანა „ზედმეტი თავის ტკივილის” გარეშე, სასამართლო პროცესის იერსახის შენარჩუნებით. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გასამართლების ახალი მექანიზმის მარეგულირებლად (თუმცა ფარულად) ითვლებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (სკკპ ცკ/ რუს. ВКП(б) ЦК): საქმეების „გამარტივებული წესით“ განხილვა საჭიროებდა მის სავალდებულო წინასწარ თანხმობას (თუნდაც არაფორმალურს, როგორც ეს იყო გამოქვეყნებული სიების შემთხვევაში). ყოველ შემთხვევაში, ცნობილი არ არის შემთხვევები, როდესაც ეს კანონი პოლიტბიუროს წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენეს. თითქმის უცნობია სამხედრო კოლეგიის გარდა, სხვა ორგანოების მიერ ამ კანონის გამოყენების შემთხვევებიც[3].
1934 წლის 1 დეკემბრის კანონის პრაქტიკაში გამოყენებას თავდაპირველად ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა და, ძირითადად, ცალკეულ, „ხმამაღალ“ საქმეებთან იყო დაკავშირებული. ასე, მაგალითად, ახალი პროცედურა, პოლიტბიუროს თანხმობით, გამოიყენეს ლეონიდ ნიკოლაევის (ს.მ. კიროვის მკვლელის) საქმეზე 1934 წლის დეკემბერში და ე.წ. „კრემლის საქმეზე”, რომლის დახურული მოსმენა იმართებოდა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში 1935 წლის 27 ივლისს[4].
„გამარტივებული პროცედურის“ ფართო მასშტაბით გამოყენების იდეა პოლიტბიუროს 1936 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაში აისახა:
„№ 39, გვ.244 - შინსახკომის საკითხი
ემიგრაციაში მყოფი და სკკპ-დან გაძევებული ტროცკისტების განუწყვეტელი კონტრრევოლუციური საქმიანობის გათვალისწინებით, შესთავაზონ სსრკ შინსახკომს:
1) ემიგრაციაში მყოფი 583 ტროცკისტი, რომელთა გადასახლების ვადა იწურება არა უადრეს 2 წლისა, ასევე 23 ადამიანი, რომლებიც სარეჟიმო პუნქტებში იმყოფებიან, შინსახკომის სპეციალური სხდომის გადაწყვეტილებით, გადაასახლონ მოშორებულ საკონცენტრაციო ბანაკებში 3-დან 5 წლამდე ვადით;
3) ძიების მიერ გამოაშკარავებული, ტერორიზმთან დაკავშირებული და შინსახკომის მიერ დაკავებული ყველა ტროცკისტი გადაეცეს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სასამართლოს, მათ მიმართ 1934 წლის 1 დეკემბრის კანონის თანახმად, დახვრეტის აღსრულებით.
დაევალოს შინსახკომსა და საკავშირო პროკურატურას, გამოძიების დასრულების შემდეგ წარადგინონ 1934 წლის 1 დეკემბრის კანონის თანახმად გადასაგზავნ პირთა სია[5].
არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, სამხედრო კოლეგიის მიერ ნასამართლევთა რაოდენობა მომდევნო რამდენიმე თვეში არ გაზრდილა.
ვითარება შეიცვალა 1936 წლის შემოდგომაზე, ეჟოვის სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში. ამჯერად, ოფიციალური წინასწარი გადაწყვეტილება გამოიტანა უმაღლესმა პარტიულმა ინსტანციამ (თუმცა სტალინის გარეშე, რომელიც იმ დროს სოჭში ისვენებდა[6]). 4 ოქტომბერს პოლიტბიურომ განიხილა ეჟოვისა და ვიშინსკის თხოვნა, 585 ადამიანის სიით გასამართლების სანქცირების თაობაზე (საინტერესოა, რომ ეს რიცხვი თითქმის ემთხვევა 1936 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულ რაოდენობას) და „გამოკითხვის” შემდეგ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება[7]:
„ამხანაგ ეჟოვის საკითხი. დავეთანხმოთ ამხ. ეჟოვისა და ვიშინსკის წინადადებას, ტროცკისტულ-ზინოვიევური კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური მონაწილეების მიმართ სასამართლო ანგარიშსწორების ზომებზე, პირველი სიით, 585 კაცის ოდენობით“ (გადაწყვეტილების დედანზე იყო ხელმოწერები: „ვეთანხმები. კაგანოვიჩი, მოლოტოვი, პოსტიშევი, ანდრეევი, ვოროშილოვი, ეჟოვი”.
აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ დეტალზე:
- ჯერ ერთი, გადაწყვეტილება არ იყო გაფორმებული როგორც ამონაწერი პოლიტბიუროს სხდომის ოქმიდან მასში არსებული დეტალებით (ოქმის ნომერი / დღის წესრიგის პუნქტის ნომერი);
- მეორეც, გადაწყვეტილება ეხებოდა არა სასამართლო განხილვის „გამარტივებული პროცედურის“ სანქცირებას, არამედ უშუალოდ „სასამართლო ანგარიშსწორების ზომებს“ ანუ სასჯელს.
ამგვარად, ეჟოვის ამ პირველ ექსპერიმენტში უკვე იკვეთებოდა სიების გავლის პროცედურის „გამოსწორების“ ტენდენცია, უმაღლესი სამხედრო კომისიიდან პასუხისმგებელი სასამართლო გადაწყვეტილებების ცენტრის პოლიტბიუროში გადატანით.
ამ პირველი სიიდან დღემდე ნაპოვნია მხოლოდ ორი დაუთარიღებელი ფრაგმენტი, რომლებიც ჩააკერეს 1937 წლის სიების საერთო კორპუსში (ტომი 5, ფურც. 375-377).
ამ ფრაგმენტებიდან პირველი შეიცავს 114 ადამიანის ვინაობას, რომლებიც 1936 წლის 10-11 ოქტომბერს ლენინგრადში უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე გაასამართლეს, მეორე კი - 33 ადამიანს, რომელთაგან 29-ს მიესაჯა დახვრეტა (აღასრულეს მოსკოვში, 1936 წლის 7 ოქტომბერს), კიდევ ორი კი მოგვიანებით დახვრიტეს (ე.ი. კონსტანტი - 25/10/1936, ა.ი. ტოივო - 16/03/1937), ორის სახელი გადახაზული იყო, მაგრამ ერთი მათგანი - გ. გ. ხრუსტალევი დახვრიტეს 20/06/1937.
აღსანიშნავია, რომ უკვე 5 ოქტომბრისთვის მოსკოვის სამხედრო კოლეგიამ 40 ადამიანს გამოუტანა დახვრეტის განაჩენი. დიდია ალბათობა, რომ ისინიც ფიგურირებდნენ ამ სიის დაკარგულ ნაწილში.
1936 წლის ოქტომბერში სამხედრო კოლეგიის განაჩენების მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ 11 და 16 ოქტომბერს გამსვლელი სესია მუშაობდა ქ. გორკიში, 14 ოქტომბერს – ბაქოში. ამ სიებიდან ცნობილია ზოგიერთი ბრალდებულის გვარი, მაგრამ შეუძლებელია სრული სიის აღდგენა.
1937 წლის თებერვლიდან პოლიტბიურომ რეგულარულად დაიწყო იმ პირთა სიების დამტკიცება, რომელთა განაჩენები (ყველაზე ხშირად დახვრეტის) შემდეგ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას უნდა გაეფორმებინა. ამასთანავე, პროცედურები უფრო მეტად „კამერული“ გახდა, ვიდრე 1936 წელს. პოლიტბიუროს ფორმალური გადაწყვეტილებები სიების შესახებ 1938 წლის ბოლომდე აღარ მიიღებოდა. წინასწარგანსაზღვრული სასჯელის მქონე პირების სიების გადახედვასა და დამტკიცებას თავად სტალინი და მისი უახლოესი თანამოაზრეები ხელმძღვანელობდნენ. მათმა რეზოლუციებმა – „თანახმა ვარ“ და უშუალოდ სიებში ხელმოწერებმა ოფიციალური გადაწყვეტილებები ჩაანაცვლა.
ამ გზით დამტკიცებული პირველი სია თარიღდება 1937 წლის 27 თებერვლით, სსკპ ცკ-ს თებერვალ-მარტის პლენუმის გახსნის დღით. სიაში აღნიშნულია 479 ადამიანის გვარი, რომელთაგან ყველას სასჯელის ზომად დახვრეტა განესაზღვრა. არსებული არასრული ინფორმაციით, მათგან მინიმუმ 220 დახვრიტეს მარტის ბოლომდე. უცნობია, რამ შეუშალათ ხელი გადაწყვეტილების სრულად აღსრულებაში – პლენუმის ტურბულენტურმა მოვლენებმა თუ საქმისწარმოებაში არსებულმა გაურკვევლობამ, მაგრამ თებერვლის სიის ყველა სახელი, რომლებიც უკავშირდებოდა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სსრ-ს, დასავლეთ ციმბირისა და კრასნოიარსკის მხარეებს, სვერდლოვსკს, სტალინგრადს, გორკის, სარატოვის ოლქებს, მოგვიანებით, განმეორებით აღმოჩნდა სხვა სიებში. ასე რომ, რეალურად, ამ ადამიანების გასამართლება გვიან მოხდა.
სიების მომზადება შინსახკომში (НКВД)
სამხედრო კოლეგიისთვის საქმეების შერჩევის პრინციპების შესახებ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება (თავად სიებში მოხვედრილი პიროვნებების ვინაობას თუ დავეყრდნობით).
პირველ სიებში აღნიშნული იყო ცნობილი ოპოზიციონრების სახელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ციხეში ან გადასახლებაში ან ახალი გათავისუფლებული იყვნენ. თუმცა, ყოფილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებით დაწყებული, საქმეების გამარტივებული განხილვის მექანიზმი მალევე გავრცელდა მათზე, ვინც შემდგომ წლებში იხსენიება „ნომენკლატურად“, ანუ „პარტიის, საბჭოთა, პროფკავშირების და კომკავშირის წამყვან ჩინოვნიკებზე, აგრეთვე სახალხო კომისრებსა და მათ მოადგილეებზე, გამოჩენილ სამხედროებზე, მწერლებზე, კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ პირებზე და სხვა[8].” (დამატებით - НКВД თანამშრომლებზე, რომლებიც დააკავეს აღნიშნული სტრუქტურის მასობრივი წმენდის დროს). ამ კატეგორიებს მიეკუთვნება სიაში შეტანილი პირების მნიშვნელოვანი ნაწილი. სიებში ასევე შედიოდნენ ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქეები – ანტისაბჭოთა ორგანიზაციების წევრობასა (სამხედრო, ნაციონალისტური, ტროცკისტული) და შეთქმულებებში ბრალდებულები (ადგილობრივი შინსახკომის ორგანოების თვალსაზრისით), მათი საქმეები თითქმის ყოველთვის ფიქციური, შეთითხნილი იყო.
სიების მომზადების ცენტრალური, საკვანძო წერტილი იყო კომისია (შინსახკომში მას ხშირად უწოდებდნენ „დიდ კომისიას“), რომელიც შედგებოდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ეჟოვის, სსრკ პროკურორის ა. ი. ვიშინსკისა და უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარის, ვ. ვ. ულრიხისგან. ამ კომისიის შექმნის ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ არის მოძიებული. თუმცა, ყველა საფუძველი არსებობს იმის სათქმელად, რომ ის 1937 წლის თებერვალში გაჩნდა. 30 იანვარს დასრულდა „მოსკოვის მეორე სასამართლო პროცესი" "გაერთიანებული ტროცკისტულ-ზინოვიევისტური ცენტრის" საქმეზე (გ. პიატაკოვი, კ. რადეკი და სხვები). ამის შემდეგ, მალევე, ეჟოვმა და ვიშინსკიმ შეადგინეს ნოტა სტალინის სახელზე, რომელშიც ბელადს შესთავაზეს, დაუყოვნებლივ გაეგზავნა უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლითი სესიები ქვეყნის მასშტაბით, რათა ზოგიერთ რეგიონში „მოღალატეობრივი, დივერსიული, მავნებლური, ჯაშუშური და ტერორისტულ-ტროცკისტული ჯგუფების საქმეებისთვის გადაეხედათ“. ვიშინსკის ხელმოწერილი ცნობა „სტალინის სიების“ ერთ-ერთ ტომშია შემონახული. თუმცა, ამ ჩანაწერში არც ეჟოვის ხელმოწერაა და არც ზუსტი თარიღი, ამიტომ სრული დარწმუნებით შეუძლებელია ითქვას, რომ ის ადრესატს ნამდვილად გაეგზავნა, მაგრამ აბსოლუტური სიმართლეა, რომ სტალინს წარუდგინეს 4 თებერვლით დათარიღებული კიდევ ერთი ნოტა, იმავე წინადადებით, მხოლოდ ეჟოვის ხელმოწერით; ამასთან, ტექსტში მითითებული იყო, რომ ეს წინადადება შეთანხმებული იყო ვიშინსკისთან და ულრიხთან. ნოტას ერთვოდა სკკპ ცკ-ს დადგენილების პროექტი „მოღალატეობრივი, დივერსიულ-მავნებლური, ჯაშუშური და ტერორისტული ტროცკისტული ჯგუფების წევრების წინააღმდეგ საქმეების სასამართლო განხილვის პროცედურის შესახებ“. ამ პროექტში, ვიშინსკის მიერ ხელმოწერილი ნოტის მსგავსად, ჩამოთვლილია რეგიონები, სადაც უნდა გაიმართოს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლითი სესიები, დასახელებულია გასამართლების ისევ ის სამი კატეგორია, თუმცა, არის განსხვავებებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი: ეჟოვის პროექტი ითვალისწინებდა 1934 წლის 1 დეკემბრის კანონით ტროცკისტური ჯგუფის ყველა წევრის გასამართლებას, ასევე ამ გასამართლების მომზადების მექანიზმს: „შესთავაზეთ ამხ. ეჟოვს, ვიშინსკის და ულრიხს, განიხილონ ტროცკისტების სიები, რომლებსაც სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სხდომებზე ასამართლებენ და დასახონ სასჯელის წინასწარი ზომები. სასჯელის ზომების შესახებ თქვენი მოსაზრება დასამტკიცებლად წარუდგინეთ სკკპ ცკ-ს“[9].
ზუსტად არ არის ცნობილი, მიიღო თუ არა ცენტრალურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ეჟოვის ნოტის საფუძველზე. ბევრი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, ეს არ მომხდარა. თუმცა საყოველთაოდაა მიღებული (აღიარებული), რომ სასჯელის ზომას, სანამ ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში მოხვდებოდა, ირჩევდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრისგან, სსრკ პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარისგან შემდგარი კომისია და შემდეგ ამტკიცებდა ცენტრალური კომიტეტი (ანუ სტალინი და მისი უახლოესი თანამოაზრეები ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში).
არ არის გამორიცხული, რომ საკუთრივ ეს იდეა გაუჩნდა ეჟოვს სტალინთან საუბრის დროს. ასეა თუ ისე, ზუსტად 1937 წლის თებერვლიდან დაიწყო სიების რეგულარულად წარდგენა სტალინის, მოლოტოვისა და სხვებისთვის დასამტკიცებლად წინასწარ შეთავაზებული სასჯელით.
შედეგად, პოლიტბიუროს წევრებთან მოხვედრილი სიები მზადდებოდა სსრკ-ს НКВД-ში, მოსკოვში, როგორც ცენტრალური აპარატის განყოფილებების მასალებზე, ისე რეგიონული НКВД-დან ცენტრში გაგზავნილ მასალებზე (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველო) დაყრდნობით.
არასასამართლო ორგანოებში (სამეულები, „НКВД-ს კომისია და სსრკ პროკურორი", სსრკ შინსახკომის სპეციალური სათათბირო [Особое совещание]) გაგზავნილებთან შედარებით, უზენაესი სასამართლოს გამსვლელი სესიისთვის საქმეები გულისყურით მზადდებოდა. საკითხისადმი საფუძვლიანი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა ბრალდების შინაარსს (რომელთა აბსურდულობაც არავისში იწვევდა წინააღმდეგობის განცდას), ის მთლიანად ფორმალურ ნაწილზე – საქმეებში მოწმეთა ჩვენებების ჩართვასა და დაპირისპირების ოქმებზე, გამოძიების პერიოდის გაგრძელების შესახებ აქტებზე, ენის გამართულობასა და სხვა – იყო კონცენტრირებული. რეგიონებიდან საქმეები იგზავნებოდა მოსკოვში, შინსახკომის სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (ГУГБ) ცენტრალური აპარატის შესაბამის განყოფილებაში.
საქმეებს, საჭიროების შემთხვევაში, ახსნა-განმარტებას ურთავდა УГБ НКВД-УНКВД რეგიონული თანამშრომელი. ГУГБ-ის განყოფილებების ხელმძღვანელებს უნდა განეხილათ რეგიონებიდან გადმოგზავნილი საქმეები და დაემტკიცებინათ, რათა შემდეგ „დიდ კომისიაში“ გაეგზავნათ. უწყებრივ მიმოწერაში აღნიშნული გადახედვა ГУГБ განყოფილებებში სახელდებულია, როგორც გადახედვა „მცირე კოლეგიაზე”.
ყველა საქმის შემთხვევაში, გამომძიებელი ორგანო ГУГБ განყოფილებებში გაგზავნამდე, აუცილებლად ადგენდა მოკლე ცნობას, რომელშიც მითითებული იყო დაკავებულების ძირითადი მონაცემები წაყენებული ბრალისა და სხვა ფაქტორების შესახებ. ფაქტობრივად, ეს მოკლე ცნობები იყო იმის მსგავსი, რასაც „ნაციონალური ხაზით” ბრალდებისთვის „ალბომური მიმდევრობით” ადგენდნენ. ГУГБ-ის ცენტრალური აპარატის განყოფილებების შედგენილი მსგავსი ცნობები, „დიდ კომისიაში” გაგზავნამდე ამ განყოფილებებში მზადდებოდა.
ამ თემაზე ცნობილია ზოგიერთი ადმინისტრაციული დოკუმენტი, მაგალითად, მ.პ. ფრინოვსკის ბრძანება НКВД ГУГБ-ის განყოფილებების ხელმძღვანელებს 1938 წლის 13 იანვარს:
„1. ცენტრის საქმეების შესახებ სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ განსახილველად გაგზავნილი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ГУГБ-ის შესაბამისი განყოფილებების ხელმძღვანელების ხელმოწერებით.
2. ცნობები პერიფერიების საკითხებზე ცენტრში უნდა დამოწმდეს ГУГБ-ის შესაბამისი განყოფილებების ხელმძღვანელების ან მათი მოადგილეების მიერ, რომლებიც უშუალოდ გაეცნენ ამ საქმეებს.
3. ცენტრის ამ საქმეებზე საბრალდებო დასკვნას ამტკიცებენ ГУГБ-ის განყოფილებების უფროსები“[10].
ამრიგად, „დიდ კომისიაზე” უნდა წარდგენილიყო როგორც დაკავებულთა საქმეები, ისე მათზე შედგენილი მოკლე ცნობებიც.
თუმცა, შორეულ რეგიონებში წესრიგი ზოგჯერ იცვლებოდა. სპეციალური ნებართვით შესაძლებელი იყო მოსკოვში ინფორმაციის გაგზავნა მხოლოდ ტელეგრაფის საშუალებით. ტიპიური მაგალითია ფრინოვსკის განკარგულება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველოს ხელმძღვანელების მიმართ ხაბაროვსკსა და ირკუტსკში, 08/07/1937:
„სამხედრო კოლეგიაზე საქმის გაფორმებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი წესდებით:
1. იმ პირებზე, რომელთა საქმეები ექვემდებარება სამხედრო კოლეგიის განხილვას, თქვენ ადგენთ მოწმობებს და ტელეგრაფით მიგზავნით სიის სახით. სიაში მიუთითეთ თითოეულის გვარი, სახელი, მამის სახელი, დეტალური საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაში არის ბრალდებული, ვისი ჩვენებებით დასტურება ბრალი, აღიარა თუ არა; ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კონკრეტულად რაში გამოტყდა და რა აღიარა.
2. თქვენ მიერ წარმოდგენილ სიებს განვიხილავთ ჩვენ, რის შემდეგაც განვსაზღვრავთ, რომელ კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს ბრალდებული.
3. სიების დამტკიცების შემდეგ ტელეგრაფით შეგატყობინებთ ბრალდებულის სახელებს და შესაბამის კატეგორიას.
4. დამტკიცებული სიების მიღებისთანავე საქმეებს გადასცემთ სამხედრო კოლეგიას, რომელიც მათ განიხილავს და დამტკიცებული კატეგორიით იხელმძღვანელებს”[11].
აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში „დიდი კომისია“ მზად იყო, საქმეების გაცნობის გარეშე, მხოლოდ ცნობების საფუძველზე, დაედგინა გასამართლების კატეგორია. სინამდვილეში, ეს ყველა სხვა შემთხვევაში ასე ხდებოდა. რა თქმა უნდა, საქმეები „ყოველი შემთხვევისთვის“ სადღაც ახლოს იდო, შესაძლოა, იქვე ახლოს იმყოფებოდა რეგიონული შინსახკომიდან ჩამოსული „მომხსენებელიც“, მაგრამ შეუძლებელია იმის ვარაუდი, რომ კომისია ნამდვილად განიხილავდა საგამოძიებო საქმეებს. რა თქმა უნდა, შესაძლოა ყოფილიყო ერთეული გამონაკლისებიც, თუმცა სწორედაც რომ გამონაკლისები. მეტიც, მიიჩნევა, რომ თავდაპირველი წინადადებები, რომელი კატეგორიისთვის მიეკუთვნებინათ ბრალდებული, ასევე ჩნდებოდა „დიდ კომისიაში“ მოწმობის (ზოგჯერ საქმის) განხილვამდეც კი ГУГБ-ის შესაბამისი განყოფილების დონეზე (სადაც ისინი ასევე, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობდნენ იმ ორგანოს რეკომენდაციებით, რომელმაც პირი დააკავა და საქმე აღძრა).
ასეა თუ ისე, სიები იმ ფორმით, როგორითაც სტალინს წარუდგენდნენ, მხოლოდ მას შემდეგ ჩნდებოდა, როგორც კი საქმეებს (ცნობებს) „დიდი კომისია” განიხილავდა. სიებს დასრულებულ სახეს აძლევდა ГУГБ-ის მე-8 (აღრიცხვა-რეგისტრაციის) განყოფილების თანამშრომლების სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი. სტალინთან ხვდებოდა სიები მითითებით, თუ შინსახკომის რომელი ორგანოდან იყო ის წარდგენილი, სასჯელის ზომის ჩაშლით და შეიცავდა მხოლოდ სარეპრესიო პირების გვარებს, სახელებსა და მამის სახელებს.
უცნობია, სიებთან ერთად ხდებოდა თუ არა რეპრესირებულ პირებზე ცალკეული მოწმობების წარდგენაც - პირობითად, იმ შემთხვევაში, თუ სტალინს ან რომელიმე სხვას, ვისაც სიები უნდა დაემტკიცებინა, კითხვა გაუჩნდებოდა. ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია დამატებითი საარქივო წყაროების გარეშე.
შესაძლოა, ზოგიერთ სიას ახლდეს ინფორმაცია ბრალდებულთა ჯგუფების შესახებ, მაგალითად, 1937 წლის 19 აპრილის სია დასავლეთ ციმბირის მხარეზე. იმავე თარიღით ეჟოვი სპეციალურ შეტყობინებაში (N 56853) წერდა:
„სკკპ ცკ-ის მდივანს, ამხანაგ სტალინს,
გიგზავნით ცნობას დასავლეთ ციმბირის მხარეში გამოვლენილი და ლიკვიდირებული ფაშისტური-ტერორისტული ორგანიზაციის საქმეზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტომსკის ინდუსტრიული ინსტიტუტის პროფესორი ფ.ვ. გალახოვი და ორგანიზაციულ კავშირში იყო ტროცკისტულ-ზინოვიევურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მურალოვის ხელმძღვანელობით.
გთხოვთ, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას დაამტკიცებინოთ ამ ორგანიზაციის წევრების ბრალდების დაუსწრებლად განხილვა 1934 წლის 1-ელი დეკემბრის კანონის საფუძველზე.[12]
აღსანიშნავია, რომ სტალინი ყოველდღიურად იღებდა ცნობებს შინსახკომიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების შესახებ და მთავარი ბრალდებულის დაკითხვის ოქმებს. ამ დოკუმენტებიდან ბევრი შეიცავს მის ბრძანებებს, როგორც გარკვეული პირების დაკავების (მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგომში შეიყვანეს სიებში), ისე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
რაც შეეხება „დიდ კომისიას“, არასწორია ვარაუდი, რომ იგი შედგებოდა საკუთრივ ეჟოვის, ვიშინსკისა და ულრიხისგან. ფრაგმენტული მონაცემებიდან ცნობილია, რომ სხდომები, როგორც წესი, ფრინოვსკის კაბინეტში იმართებოდა, რომელიც, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა მას. ზოგჯერ, ფრინოვსკის ნაცვლად, მასში მონაწილეობდნენ ლ.ნ. ბელსკი ან ვ.ე. ცესარსკი, ვიშინსკის ნაცვლად, როგორც წესი, მისი მოადგილე – გ.კ.როგინსკი. თუმცა, ამ კომისიის მუშაობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი.
სიების გაფორმება
პირველ ფურცელზე (გარეკანზე), როგორც წესი, იყო სათაური - „სია პიროვნებებისა, რომლებიც სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მხრიდან გასამართლებას ექვემდებარებიან“ (იშვიათად, უბრალოდ, „სია“. ამგვარადაა შედგენილი სიები შინსახკომის ყოფილ ოფიცრებზე), რომლის თავზეც მითითებული იყო იმ რეგიონების სახელები (ზოგჯერ [НКВД-ს] სტრუქტურები), რომლებმაც სიები წარადგინა; მეორე გვერდზე მითითებული იყო სიაში შეყვანილი ადამიანების რაოდენობა კატეგორიების და ტერიტორიული კუთვნილების მიხედვით. შემდეგ იყო საკუთრივ რეგიონული სიები (თითოეული ახალი გვერდიდან), რომლებიც, თავის მხრივ, იყოფოდა კატეგორიებად (1937 წლის ივლისის შემდეგ მე-3 კატეგორია სიიდან ქრება). კატეგორიებად არ იყოფოდა საქართველოს სსრ-ის შვიდი სია, შორეული აღმოსავლეთის სამი სია, მოსკოვის ერთი სია (Д.413. Л.122) და 1937 წლის ნოემბრის ხელმძღვანელი მუშაკების სია (Д.412. Л.120). აღნიშნულ სიებში შეყვანილი პირები (სულ 2933) არიან აღრიცხულნი 1-ელ კატეგორიაში; როგორც ჩანს, ეს შეესაბამება სიმართლეს, ამას აღნიშნული სიების მიხედვით გასამართლებულთა ანალიზი აჩვენებს.
1937 წლის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში შედგენილ სიებში ზოგჯერ გვხვდება რუბრიკები (ბრალდების კონტექსტი): „ტროცკისტები“, „მემარჯვენეები“, „დეცისტები“ (დემოკრატიულ-ცენტრალისტთა ჯგუფი), „ბრანდლეროველები“ (НКВД-ს ლოგიკით, გერმანელი კომუნისტის, ჰენრიხ ბრანდლერის მიმდევრები), „მენშევიკები“, „ესერები“. შემდგომ სიები დანაშაულის სახეობის რუბრიკებად აღარაა დაყოფილი.
როგორც წესი, დამოუკიდებელ ჯგუფად (თუმცა შესაბამისი რეგიონის სიის შიგნით) გამოიყოფოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და თითოეულ მათგანს ცალკე ფურცელზე ახლდა შედარებით დეტალური აღწერა: მოქალაქეობის, დაბადების წლისა და ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, სსრკ-ში ცხოვრების პერიოდის, პროფესიის, ასევე დანაშაულისა და აღიარების (ან არაღიარების) შესახებ[13]. ზოგიერთ ასეთ ცნობაზე არის ხელნაწერი შენიშვნები სასჯელის შესახებ - „Р[асстрел]" (დახვრეტა) или/ ან „10 [წელი]“.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიების დათარიღებას. მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე (ძირითადად, 1937 წლის პირველ ნახევარში) თარიღი მთლიანად იბეჭდებოდა ყდაზე, მოგვიანებით მხოლოდ თვე და წელი იბეჭდებოდა, თარიღი კი ხელით იწერებოდა (თუმცა არის მაგალითები, როდესაც თარიღი არ არის ჩაწერილი - Т.4. Л.120; Т.5. Л.119). ზოგიერთ შემთხვევაში, თვეს ასწორებდნენ: მაგალითად, ჩელიაბინსკის რეგიონის სიაში (Т.2. Л.65), 1937 წლის აპრილი მითითებულია ბეჭდური სახით, შემდეგ თვე გადახაზულია და დათარიღებულია ხელით შემდეგნაირად – 22/VII. ზოგ შემთხვევაში თარიღი არ არის ბეჭდური სახით და ჩაწერილია ხელით (Т.3. Л.164). ტომების შედგენისას, 1937 წლის სიების შემდეგ, მე-5 ტომის ბოლოს მოთავსდა ორი სია, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც სატიტულო გვერდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სიები, სავარაუდოდ, 1936 წლის ოქტომბრის სიის ფრაგმენტებია.
1937 წლის 27 თებერვლითა და 19 მარტით დათარიღებულ პირველ ორ სიას შინსახკომის ხელმძღვანელობიდან არავის ხელმოწერა აქვს. შემდგომში თითოეულ ცალკეულ სიაზე (მათ შორის, სიებზე რეგიონებისა და კატეგორიების მიხედვით), პოლიტბიუროში გაგზავნამდე, სახალხო კომისარიატის პასუხისმგებელმა ჩინოვნიკებმა დაიწყეს ხელის მოწერა: 1937 წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში – ГУГБ-ს შინსახკომის მე-4 (საიდუმლო-პოლიტიკური) განყოფილების ხელმძღვანელმა ვ.მ. კურსკიმ, შემდეგ – ი.ს. აგრანოვმა და ბოლოს მ.ი. ლიტვინმა; ორ სიას ხელს აწერდა მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ს.გ. გენდინი; იმავე წლის ივლისიდან - სარეგისტრაციო განყოფილების გამგე (ГУГБ-ის მე-8 განყოფილება, 1938 წლის ივნისიდან - სსრკ შინსახკომის 1-ელი სპეციალური განყოფილება) ვ.ე. ცესარსკი, შემდეგ ი.ი. შაპირო[14].
1937 წლის 14 ივნისიდან და 1938 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე სიების თითქმის ყველა გვერდი მტკიცდებოდა.
ერთ სიაზე გვხვდება ლ.ნ. ბელსკის ხელმოწერა. ამ სიას გარეკანი არ აქვს, თუმცა, ფაქტობრივად, არის პირველი სია, შედგენილი შინსახკომის (НКВД) ყოფილ თანამშრომლებზე.
1937 წლის 14 აგვისტოთი და 1938 წლის 10 ივნისით დათარიღებულ სიებს აქვს ეჟოვის მოადგილის მ.პ. ფრინოვსკის ხელმოწერა (პირველ შემთხვევაში ხელნაწერი ფაქსიმილე, მეორეში კი - ბეჭდური).
გაფორმების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან 1937 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული ორი სია, რომლებიც შედგენილია უკრაინის სსრ-ს ოლქების, ხარკოვის სამხედრო ოლქისა და უკრაინის სსრ სუს შინსახკომის (УГБ НКВД УССР) ცენტრალური აპარატის მერ. კიევში მომზადებული ეს სიები მოიცავს არა მხოლოდ ბრალდებულთა სახელებს, არამედ თანამდებობებს (წოდებებს) და მათ ხელს აწერს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლ.ნ. ბელსკი, კიევის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორი კალოშინი და უკრაინის სსრ პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი – იაჩენინი.
ხელმოწერილი დოკუმენტები იგზავნებოდა სტალინთან ზოგჯერ ეჟოვის თანდართული ჩანაწერებით. ჩვენამდე მოღწეული ორი ნიმუშის მიხედვით (ტომი.9. ფურც. 210, 221) თუ ვიმსჯელებთ, ისინი ნაჩქარევად იყო შედგენილი, ზოგჯერ ქაღალდის ნაგლეჯებზე და არც თუ ოფიციალურ ხასიათს ატარებდა.
სიების დამტკიცება პოლიტბიუროში
პოლიტბიუროს წევრების მიერ სიების განხილვისა და დამტკიცების შიდა პროცედურის დეტალური რეკონსტრუქცია დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, უშუალოდ სიებით მოწოდებული მასალებიც კი საკმარისია ამ პროცედურის მიზანმიმართული არაფორმალურობისა და საიდუმლოების ხაზგასასმელად.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 1937-1938 წლებში სიების განხილვა და დამტკიცება პოლიტბიუროს სხდომების ოქმებში არ ფიქსირდებოდა და გადაწყვეტილების სახით არ იყო გაფორმებული. მეტიც, სიები საერთოდ არ ხვდებოდა პოლიტბიუროს საქმისწარმოებაში – ისინი შინსახკომს უბრუნდებოდა.
სიების განხილვაში (უფრო სწორად, ხელმოწერაში) მონაწილეობას არ იღებდა პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ სტალინთან ყველაზე ახლოს მყოფი პირები. სიებში ვერ ვხედავთ მ.ი. კალინინის, ა.ა. ანდრეევის, ვ.ი. ჩუბარის ავტოგრაფებს, მაშინ როცა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის ა.ა. ჟდანოვის ხელმოწერა საკმაოდ ხშირად გვხვდება. სიების ყველაზე აქტიური „მკითხველები“ იყვნენ სტალინი და ვ.მ. მოლოტოვი. ეს უკანასკნელი ლიდერობდა ხელმოწერების სიხშირით – მის მიერ დამტკიცებული იყო 372 სია. ხელნაწერი დადგენილებები „მხარს ვუჭერ“ (რუს.: «за») და სტალინის ხელმოწერები შემონახულია 357 სიაზე; ლ.მ. კაგანოვიჩმა ხელი მოაწერა 188-ს, კ.ე. ვოროშილოვმა - 185-ს, ა.ა. ჟდანოვმა - 176-ს, ა.ი. მიქოიანმა - 8-ს და შემდგომში დახვრეტილმა ს.ვ. კოსიორმა - 5 სიას. ლ. ეჟოვის ხელმოწერა 8 სიაზეა (როგორც ჩანს, აქ ის მოქმედებდა არა როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, არამედ ცენტრალური კომიტეტის მდივანი). ეჟოვი, სხვათა შორის, სიების დამტკიცებაში თითქმის ყოველთვის იყო ჩართული (ხელს კი ხანდახან აწერდა). ამ „დახვეწილი“ და ფარული საქმის შემთხვევითი მოწმეების შესახებ არაფერია ცნობილი[15].
1937–1938 წლებში სიების დამტკიცების 51 თარიღია ჩვენამდე მოღწეული. საინტერესოა, რომ სიების დამტკიცების თარიღების უმეტესობა ემთხვევა სტალინის შეხვედრების თარიღებს თავის უახლოეს თანამოაზრეებთან კრემლში (შევსებული „მნახველთა ჟურნალის“ მიხედვით). გამონაკლისს წარმოადგენს ათი თარიღი, როდესაც ჟურნალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სტალინს არავინ მიუღია კრემლში (27 თებერვალი, 27 მარტი, 6 მაისი, 25-26 ივნისი, 13 ნოემბერი, 1937 წლის 22 დეკემბერი, 3 იანვარი, 9 თებერვალი, 1938 წლის 29 სექტემბერი), მაგრამ ამ თარიღების უმეტესობაში იყო პოლიტბიუროს ფორმალური შეხვედრები (ვიზები სიებში შეეძლოთ შეეტანათ ამ შეხვედრამდე ან მერე)[16]. რჩება მხოლოდ ორი ან სამი შემთხვევაა, როდესაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა სიების დამტკიცება. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს შეხვედრები იმართებოდა სტალინის აგარაკზე, ან საერთოდ არ იმართებოდა - ეჟოვს (ან ვინმეს მისი სახელით) შეეძლო თავად ჩამოევლო პოლიტბიუროს წევრები ხელმოწერების შესაგროვებლად.[17]
სტალინი პირველი აწერდა ხელს სიებს, შემდეგ აწერდნენ დანარჩენებიც. მაგრამ იყო გამონაკლისები, როდესაც არ იყო სტალინის ხელმოწერა და პირველი იყო მოლოტოვის და ზოგჯერ ჟდანოვის ხელმოწერაც კი (იხილეთ, მაგალითად, 01/03/1938-ის სია). სტალინი და თავიის კოლეგები გარეკანზე ადებდნენ ვიზასა და სიის დამტკიცების თარიღს. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აღირიცხებოდა ხელმოწერები თავად სიებში (ძირითადად, სიების შედგენის საწყის პერიოდში).
ხელმოწერების თანმხლებ ზოგად რეზოლუციებს შორის, „მხარს ვუჭერ“-ის (რუს.: “за”) გარდა, ვხვდებით მხოლოდ ორ ვრცელ ფრაზას სტალინისაგან: „ვემხრობი, რკინიგზის მუშაკების სასჯელი და დახვრეტა გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში“ (ტომი.1. ფურც.114; „რკინიგზის მუშაკები“ სხვისი ხელითაა დაწერილი), „ვემხრობი 138-ვე ადამიანის სიკვდილით დასჯას. სტალინი.“ (Т.9. Л.211).
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტალინისა და მოლოტოვის მიერ სიებში შეტანილი რეზოლუციები, მითითებები და შესწორებები. ყველაზე ხშირად გვხვდება სასჯელის შეცვლის შემთხვევები - შერბილების ან გამკაცრების მიმართულებით. ზოგჯერ ამა თუ იმ გვარს უბრალოდ გადახაზავდნენ (99 შემთხვევა; როგორც წესი, ეს სახელები შემდგომ სიებში ხელახლა ჩნდებოდა) ან ხაზს უსვამდნენ (49 შემთხვევა), ზოგჯერ გვარის გვერდით იყო დამაზუსტებელი ჩანაწერი (35 შემთხვევა): ჩვეულებრივ ეს ან სასჯელის ალტერნატიული ზომა („10 წელი“, „25 წელი“, „ВМН“ (высшая мера наказания), „დახვრეტა (რუს.: расст.[релять])“, „გერმანიის მოქალაქე, გასამართლდეს ჩვეული წესით“), ან გადაწყვეტილების ახსნა, მისი საქმიანი ან ემოციური მოტივაცია („ჯერ მოიცადეთ", „დაელოდეთ", „გადადეთ", „წინასწარ დარეკეთ მოსკოვში" და „სცემეთ, სცემეთ"-ც კი). ცალკე ხსენებას იმსახურებს ლაკონიურ-ენთუზიასტური „მივესალმები! კაგანოვიჩი,“ რომელიც მან 1936 წლის ერთ სიაზე დატოვა. (ტომი 5, ფურც.373).
განაჩენის გაფორმება და აღსრულება
დამტკიცებული სიები შინსახკომიდან (НКВД) სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას (ВКВС) გადაეცემოდა. მოსკოვში გადაცემის პროცედურა სირთულეს არ წარმოადგენდა, რეგიონულ შინსახკომსა და შინსახკომის სამმართველოში იგზავნებოდა დამტკიცებული სიების ასლები, ხოლო შორეულ რეგიონებს კი შედეგებს ტელეგრაფით აცნობდნენ: ამავდროულად ჩამოთვლილი იყო ბრალდებულთა გვარები იმ კატეგორიების მითითებით, რომელთაც ისინი მიაკუთვნეს.
მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ 1937 წლის 27 ოქტომბერს შინსახკომის (НКВД) მე-8 (სააღრიცხვო-სარეგისტრაციო) განყოფილებიდან საქართველოში გაგზავნილი წერილი, 21 ოქტომბერს დამტკიცებული სიის დამოწმებული ასლით (330 ადამიანზე). ვ.ე. ცესარსკის ეს წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის - გოგლიძის სახელზე შეიცავდა - საქართველოდან გადმოგზავნილ სიებში შეცდომების ჩამონათვალს და სრულდებოდა სიტყვებით: „თანდართულ სიაში მითითებული ყველა პირის საქმე, გადაეცით განხილვისათვის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლით სესიას. სესიის თქვენთან გამოსვლის დროს დამატებით შეგატყობინებთ.“
მოსკოვიდან გამოგზავნილი და საქართველოში დაცული სიების ეგზემპლიარებში, ვხვდებით ადგილობრივი ჩეკისტების ჩანიშვნებს.
კიდევ ერთი მაგალითია სია, მიმართული იოშკარ-ოლაში მარის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ა.ი. კარაჩაროვისადმი, თანდართული წერილით (ერთიც და მეორეც გრიფით „სრულიად საიდუმლო, სასწრაფო“). „ვაგზავნი 5/III-38 წ-ში მარის ასსრ-ის დამტკიცებულ პირთა სიას, რომლებიც ექვემდებარებიან სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სასამართლოს. რაოდენობა - პირველი კატეგორიით 18 ადამიანი, მეორე კატეგორიით - 1 ადამიანი. ამ სიაში დასახელებული ყველა პირის საქმეები განსახილველად წარუდგინეთ სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლით სესიას, რომელიც უახლოეს მომავალში მიემგზავრება ყაზანში. სსრკ შინსახკომის სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მე-8 განყოფილების უფროსი ცესარსკი”[18].
დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების (ФСБ) არქივებსა და რეგიონულ ორგანოებში არსებობს მსგავსი დოკუმენტები (კორესპონდენცია სსრკ-ს შინსახკომთან (НКВД)-სთან და სიების ასლები).
ყურადსაღებია, რომ გასვლით სესიებს ფიზიკურად არ შეეძლოთ ემუშავათ ერთდროულად ბევრ რეგიონში ან საკმარისად ხშირად ჩასულიყვნენ ერთსა და იმავე რეგიონში. ამიტომ, სასჯელის აღსრულება (ფაქტობრივად, გაფორმება) უკვე დამტკიცებული სიების მიხედვით ხშირად ჭიანურდებოდა, ზოგჯერ მრავალი თვითაც. ამის უამრავი მაგალითია სიაში. თუმცა გვხვდებოდა საპირისპირო სიტუაციებიც, როდესაც, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) გასვლითი სესია ჩავიდა რეგიონში, ხოლო მოსკოვში სია ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული. არაერთ ასეთ შემთხვევაში, სტალინის სანქციის მომლოდინე სიებზე მაინც გამოიტანეს განაჩენი - „ავანსად.“ ასეთ დროს ფორმდებოდა დახვრეტის დადგენილებებიც უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) გასვლითი სესიის თავმჯდომარის ხელმოწერით, მაგრამ სავალდებულო პირობით: „მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის აღსრულება, შესაძლებელია, მხოლოდ სპეციალური განკარგულების მიღების შემდეგ, რომელიც ხელმოწერილი იქნება უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) გასვლითი სესიის ხელმძღვანლის ვ.ვ. ულრიხის მიერ”. სწორედ ამგვარად, მაგალითად, 1938 წლის 10-13 აგვისტოს გამოიტანეს განაჩენი სტალინგრადის სიის მიხედვით, რომელიც დაამტკიცეს სტალინმა, მოლოტოვმა და ჟდანოვმა მხოლოდ 12 სექტემბერს. სასჯელი აღსრულდა 16 სექტემბერს ულრიხის 15.09.1938-ის ტელეგრამის საფუძველზე. მსგავსი შემთხვევები არა ერთია, რაც დამაჯერებლად წარმოაჩენს პარტიული ხელმძღვანელობის გადამწყვეტ როლს სახელმწიფო ტერორში.
გამოსარჩევია საქართველოში სიებით გასამართლების ისტორია. სამხედრო კოლეგიამ იქ მხოლოდ ორჯერ ჩააღწია - 1937 წლის ივნის-ივლისში და სექტემბერ-ოქტომბერში და ამ პერიოდში 910 საქმე განიხილა. 1937 წლის 30 ოქტომბერს სტალინისადმი მიწერილ მოხსენებით ბარათში ბერია წერდა, რომ „გასული წლის განმავლობაში საქართველოს შინსახკომმა (НКВД) დააკავა 12.000-ზე მეტი ადამიანი, გასამართლების ტემპები კი ჩამორჩებოდა“. „ამასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) ЦК КП(б) ცენტრალური კომიტეტი ითხოვს ნებართვას, სრულიად საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) ცენტრალური კომიტეტის (ЦК ВКП(б))-ს დირექტივის თანახმად შექმნილ „განსაკუთრებულ სამეულს” განსახილველად წარედგინოს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის შინსახკომის (НКВД ГССР) მიერ გამოაშკარავებული: 1) ტროცკისტული ტერორისტული დივერსიულ-ჯაშუშური ორგანიზაციის 2) მემარჯვენეების ტერორისტულ-დივერსიული ჯაშუშური ორგანიზაციის მონაწილეების საქმეები“[19].
14 ნოემბერს ბერია საკითხს უფრო კონკრეტულად აყენებს - ითხოვს თანხმობას სამეულის მიერ ბრალდებულთა 439-კაციანი სიის განხილვაზე, რომელთა საქმეებიც სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას (ВКВС) უნდა განეხილა. ეს საქართველოდან დასამტკიცებლად გამოგზავნილი მეშვიდე სია იყო. 1937 წლის 22 ნოემბერს სიას ახლავს სტალინის, მოლოტოვის და ჟდანოვის ვიზები. როგორც ჩანს, ამავდროულად სტალინი დათანხმდა ბერიას წინადადებას. ყოველ შემთხვევაში, 1937 წლის 25 ნოემბერს გოგლიძის სახელზე გაიგზავნა ეჟოვის განკარგულება: „შეუდექით თქვენი პირადი თავმჯდომარეობით, პროკურორის სავალდებულო მონაწილეობით, ადგილობრივი სამეულის მეშვეობით განხილვებს, რომელიც შეეხება სიაში მითითებულ 439 საქმეს, რომელიც 14 ნოემბერს №77487-ით წარმოადგინეთ. განხილვა ჩაატარეთ ცალკე სხდომაზე, კულაკების ოპერაციის საქმეებში აღრევის გარეშე. სასჯელის აღსრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გაგზავნეთ ყველა საქმე მოსკოვში, თითოეულ შემთხვევას დაურთეთ ამონაწერი სამეულის სხდომის ოქმიდან. ეჟოვი“[20].
ეს რიგითობა, როდესაც საქმეები სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიისთვის (ВКВС) დამტკიცებული სიებით იგზავნებოდა სამეულისთვის, საქართველოს შემთხვევაში მომავალშიც შენარჩუნდა.
აღვნიშნოთ კიდევ ერთი განსაკუთრებული ისტორია შორეულ აღმოსავლეთში. რეგიონის შორი მდებარეობის გამო, როდესაც 1938 წლის აპრილში გასვლითმა სესიამ ხაბაროვსკში ჩააღწია, მას ნება დართეს, განეხილა მემარჯვენე ტროცკისტული ორგანიზაციის წევრების 750 საქმე მოსკოვის წინასწარი სანქცირების გარეშე (გარდა იმ 1500-ისა, რომლებიც უკვე იყო სიებში). ამიტომაცაა, რომ შორეულ აღმოსავლეთში სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) მიერ მსჯავრდებული ბევრი ადამიანის სახელი „სტალინურ სიებში“ არაა მოხსენიებული.
17 აპრილისთვის გაირკვა, რომ გასვლითი სესია ვერ ასწრებდა სახალინზე, კამჩატკასა და ამურის ნიკოლაევსკში ჩასვლას. იქ კი „მომზადებულია საქმეები სახალინში 150, ამურის ნიკოლაევსკში დაახლოებით 50, კამჩატკაზე 50 ადამიანზე”. ხაბაროვსკში ჩასულმა გასვლითი სესიის თავმჯდომარემ ნიკიტჩენკომ და პროკურორმა კალუგინმა ამის შესახებ მოსკოვში ვიშინსკის და ულრიხს ტელეგრაფით აცნობეს. 1938 წლის 22 აპრილს, ფრინოვსკის, ულრიხსა და ვიშინსკის სახელზე გაეგზავნა ბრძანება ნიკიტჩენკოს, კალუგინს და შინსახკომის სამმართველოს ხელმძღვანელს შორეულ აღმოსავლეთში (ДВК) ლიუშკოვს: „გულდასმით განიხილეთ ხაბაროვსკში არსებული მონაცემები, დაყოფილ იქნას კატეგორიებად. პირველ რიგში შეყვანილი პირები უპირატესად გადაეცეს შინსახკომს (НКВД) და სამხედრო პროკურატურას აღსასრულებლად ნიკიტჩენკოს, ლიუშკოვის და კალუგინის ხელმოწერებით. მეორე კატეგორია განიხილონ ადგილობრივმა ტრიბუნალებმა. პირველი გაფორმდეს სესიის განჩინებით“[21].
საქმეების დაუსწრებლად განხილვის ბრძანება შესრულდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური არქივის მე-7 ფონდში (ЦА ФСБ) შემონახულია ამურის ნიკოლაევსკში 26 ადამიანის, სახალინზე 102 ადამიანის და კამჩატკაზე 40 ადამიანის დახვრეტის დადგენილებების სატელეგრაფო ასლები. იქვე არსებობს 1939 წლის 31 იანვრით დათარიღებული აქტი კამჩატკაზე დახვრეტებთან დაკავშირებით, რომელშიც, სხვათა შორის, აღნიშნულია: „კომისიამ დაადგინა, რომ არსებულ საქმეებში 40 ადამიანზე არ აღმოჩნდა საბრალდებო დასკვნა, რომელიც, კამჩატკის შინსახკომის (ОУНКВД) თანახმად, საერთოდ არ იყო შედგენილი და სასჯელაღსრულების დროს საქმეებში არ ფიგურირებდა“[22].
1938 წლის 1 ივნისით დათარიღებული ეჟოვისადმი ლიუშკოვის მოხსენებით თუ ვიმსჯელებთ, საერთო ჯამში, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ (ВКВС) 1938 წლის გაზაფხულზე შორეული აღმოსავლეთის ოლქში (ДВК) გაასამართლა 2478 ადამიანი, საიდანაც 2355 ადამიანს მიესაჯა დახვრეტა, 123 ადამიანს მიესაჯა სასჯელი მე-2 კატეგორიით, 38 საქმე დაბრუნდა წარმოებაში შემდგომი გამოძიებისთვის.
როგორც შორეული აღმოსავლეთის ოლქში (ДВК), ისე ნებისმიერ სხვა ადგილას, სიებით გასამართლების უკიდურესად გამარტივებული სასამართლო პროცედურა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა[23]. საქმეები განიხილებოდა 1934 წლის 1 დეკემბრის კანონის შესაბამისად და განაჩენი გამოჰქონდათ წინასწარ დამტკიცებული კატეგორიების მიხედვით (გამონაკლისები იშვიათი იყო და ჩვენთვის ცნობილ ყველა შემთხვევაში დამატებით თანხმდებოდა მოსკოვთან). სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) და მისი გასვლითი სესიების ანგარიშები, სხდომების ოქმები და სხვა დოკუმენტები დღესაც (ისევე როგორც 10 წლის წინ) მკვლევრებისთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში არსებული ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ „მთელი დოკუმენტაცია წინასწარ იყო მომზადებული. ერთი ადამიანის საქმის განხილვა გრძელდებოდა 5-10 წუთს (იშვიათ შემთხვევებში ნახევარ საათამდე). ამ დროის განმავლობაში, სამი მოსამართლე „ასწრებდა,” „განემარტათ ბრალდებულისათვის თავისი უფლებები, გაეცნოთ საბრალდებო დასკვნა […], განემარტათ ბრალდების არსი, განესაზღვრათ ბრალდებულის დამოკიდებულება „ჩადენილი დანაშაულების“ მიმართ, მოესმინათ მისი ჩვენება და საბოლოო სიტყვა […] გასულიყვნენ სათათბირო დარბაზში, იქ გაეფორმებინათ და სასამართლო დარბაზში დაბრუნებულებს გამოაცხადებინათ განაჩენი...“[24]
განაჩენის გამოტანის განსხვავებული, კიდევ უფრო „გამარტივებული“ პროცედურა გამოიყენებოდა შინსახკომის (НКВД) ყოფილი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ. სტალინს მათი სიები ხელმოსაწერად, როგორც წესი, ცალკე მიეწოდებოდა და დასათაურებული იყო განსხვავებულად – ან როგორც, უბრალოდ, „სია“, ან როგორც „პირების სია“ იმის მინიშნების გარეშე, რომ იქ აღნიშნული პირები ექვემდებარებიან უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) გასამართლებას ან არ ჰქონდა გარეკანი (იხ. პირველი სია მიწოდებული 1937 წლის ივნისს - ტომი.1. ფურც.197–198).
წინასწარი მონაცემებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქის ასეთ სიებში 282 ჩეკისტი შედიოდა. მსგავსი სიები მოდიოდა უკრაინიდან, შორეული აღმოსავლეთის მხარეებიდან, გორკის ოლქიდან. საერთო ჯამში, ამგვარ სიებში 540 ადამიანი ფიგურირებდა (ჩეკისტთა იმავე რაოდენობა შეყვანილია ერთიან სიებში, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის აღნიშვნის გარეშე). ჩეკისტების პირველი, „განსაკუთრებული“ სია დამტკიცდა 1937 წლის 16 ივნისს, უკანასკნელი – 1938 წლის 10 ივნისს.
მსგავსი სიების დამტკიცების შემდეგ, ყოფილი თანამშრომლების საქმეებს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია (ВКВС) აღარ განიხილავდა, მათ უბრალოდ ხვრეტდნენ. ამ შემთხვევაში სტალინის და მისი უახლოესი თანამოაზრეების ხელმოწერებს ჰქონდა საბოლოო განაჩენის ძალა და არ სჭირდებოდათ ფორმალური ლეგიტიმაცია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში სასჯელის აღსრულების ბრძანების დადგენილებას ულრიხი წერდა ხელით. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება ეხება სამხედრო კოლეგიის განაჩენს, ამ განაჩენის გამოტანის თარიღი, განსხვავებით უმაღლესი სამხედრო კომისიის რეალური განაჩენებისგან, მითითებული არ არის.
ყოფილი ჩეკისტებისთვის განაჩენის გამოტანის ასეთ მექანიზმს „სპეციალური წესის“ (особый порядок) სახელწოდება მიენიჭა. აი, რა იყო ნათქვამი ამის შესახებ 1963 წელს ნ.მ. შვერნიკის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში: „გადაწყვეტილებები სიებში შეყვანილი შინსახკომის (НКВД) ყოფილი თანამშრომლების, ზოგიერთი სამხედრო მუშაკისა და სახელმწიფო მოღვაწის დახვრეტის შესახებ, შედგენილი იყო არა სასამართლოში, არამედ ეგრეთ წოდებული „სპეციალური წესით” კომისიის მიერ, რომელიც შედგებოდა ვიშინსკის ან მისი მოადგილის როგინსკის, ულრიხის და ეჟოვის ან მისი მოადგილის ფრინოვსკისგან”[25].
მსგავს უზუსტობას ვხვდებით ყოფილი ჩეკისტების რეაბილიტაციის შესახებ ბევრ გადაწყვეტილებაში. განაჩენის გამომტანი ორგანოდ ხშირად მითითებულია „შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის კომისია, სსრკ პროკურორი და სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС СССР) თავმჯდომარე“. თავად საქმეებში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არც ამ კომისიის გადაწყვეტილებებია და არც რაიმე მითითებები მათზე. რიგ ასეთ საქმეებში ფიგურირებს 1940 წელს ჩამატებული ცნობები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ესა თუ ის პირი ნასამართლევი იყო „განსაკუთრებული წესით“ და საფუძვლად მიეთითება ცნობა და სტალინისა და მისი თანამოაზრეების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სააღსრულებო სიის ფურცელი[26]. ის ფაქტი, როგორ გადაიქცა 1950-იანი წლების მეორე ნახევარში რეაბილიტაციის პროცესში ჩანაწერი „დიდი კომისია“ სადამსჯელო ორგანოს ანალოგად, ჩვენთვის უცნობია. არაა გამორიცხული, რომ სარეაბილიტაციო ორგანოებს ხელთ ჰქონოდა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი დოკუმენტები. შესაძლოა, არსებობდა „დიდი კომისიის“ სხდომების ოქმები და ეს ოქმები თუ სხვა რაიმე დოკუმენტები არქივში იყოს დაცული. „დიდ კომისიაზე“ გადამისამართება უფრო მოსახერხებელი ჩანდა, ვიდრე „სტალინურ სიაზე“.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც არ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ „ნაციონალურ ოპერაციებზე” მსჯავრდებულებს „ალბომური რიგითობით“ შინსახკომის რეგიონულმა სამმართველომ (УНКВД), გამოუტანა განაჩენი, რომელმაც მოამზადა სიები და წინადადებები სასჯელის ზომების მითითებით; ზუსტად ასევე, არ შეიძლება ჩაითვალოს ბრალმდებელ ორგანოდ „დიდი კომისია“, რომელიც მხოლოდ მასალებს ამზადებდა, სამართალმწარმოებელი „ზემდგომი ინსტანციებისთვის“.
„განსაკუთრებული წესით“ დახვრეტილთა საქმეში დამსჯელი ორგანოს შესახებ მითითების არარსებობა იწვევს მრავალფეროვანი ინტერპრეტირების საშუალებას სარეაბილიტაციო განსაზღვრებებში და, შედეგად, ხსოვნის წიგნებში. ასე, მაგალითად, 1938 წლის 2 თებერვალს ხაბაროვსკში გაიგზავნა ფრინოვსკის მიერ ხელმოწერილი დაშიფრული ტელეგრამა, 127 სახელის მითითებით, სადაც შედიოდნენ შორეულ აღმოსავლეთის მხარის შინსახკომის (НКВД) ყოფილი თანამშრომლები, შემდეგი მითითებით: „დაუყოვნებლივ აღასრულეთ ყველა მითითებული პირის დახვრეტის განაჩენი. ამ პირების საქმეები სასჯელის აღსრულების აქტებთან ერთად გადაგზავნეთ სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (ГУГБ) მე-8 განყოფილებაში.“[27]
ტელეგრამაში ნათქვამია, რომ 127-ვე პირი გაასამართლა უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ (ВКВС), მაგრამ რეალურად ამ საქმეებში უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) განაჩენები არ ყოფილა, დაშიფრულ დოკუმენტში ჩამოთვლილი თითქმის ყველა ადამიანი დახვრიტეს 4-დან 12 თებერვლამდე, ამავე დროს, ხსოვნის წიგნებში სადამსჯელო ორგანოდ მითითებულია სრულებით განსხვავებული ინსტანციები: სსრკ უზენაესი სასამართლო, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია (ВКВС СССР), სსრკ პროკურორი და სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС СССР) თავმჯდომარე, შინსახკომის (НКВД) კომისია, სსრკ შინსახკომის (НКВД СССР) კომისია და სსრკ პროკურორი, სსრკ შინსახკომთან არსებული საგანგებო სათათბირო, სამეული, რეგიონული შინსახკომის სამმართველო შორეული აღმოსავლეთის მხარეში (УНКВД по ДВК) და სხვა.
1937-1938 წლებში სიებით ბრალდებულთა რაოდენობა
1937-1938 წლების გამოქვეყნებულ სიებში 44,500 სახელია აღნიშნული. თუმცა, ეს მაჩვენებელი არ არის მთლად ზუსტი და ასახავს ჩანაწერების მექანიკურად გამოთვლილ ჯამს. რიგი გვარებისა გადახაზულია, არის სიები, რომლებიც მთლიანად მეორდება (მაგალითად, 1938 წლის 5 მარტს, მე-7 ტომში მე-9 და 29-ე გვერდებზე მითითებული ძერჟინსკის სახელობის რკინიგზის მუშაკების ხუთკაციანი სია მთლიანად დუბლირებულია. ამავე დროს, პირველ შემთხვევაში ისინი პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან, მეორეში - მე-2 კატეგორიას; მათგან 4 ადამიანი დახვრიტეს), ბევრი პირის სახელი რამდენჯერმეა შეტანილი სხვადასხვა სიაში (თუმცა, ამ გამეორებებში სრული სეხნიების ერთმანეთისგან გარჩევა მარტივი საქმე არ არის; ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური არქივის მე-7 ფონდის მასალების შესწავლისას გამოვლინდა, მაგალითად, რომ შორეულ აღმოსავლეთის ოლქის სიებში ფიგურირებს ორი განსხვავებული ბორის გრიგორის ძე პოპოვი - სიების პირველი გამოცემის მომზადებისას „მემორიალმა” მიიჩნია, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნება იყო). ხელახალი/განმეორებითი ჩართულობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სხვადასხვა გარემოებით - მაგალითად, შინსახკომის (НКВД) თანამშრომლობის დაუდევრობით სიების მომზადებისა და განხილვისას ან იმით, რომ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ (ВКВС) პირველი განხილვისას, გადადო განხილვა შინსახკომის (НКВД) თხოვნით, ოპერატიული მოსაზრებების გამო, ან საქმე გადაიგზავნა დამატებითი გამოძიებისთვის (ამ სახის გამოვლენილი ინფორმაცია, ასევე შესულია პუბლიკაციაში).
გამოძიებაში დაბრუნება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო საქმის არადამაკმაყოფილებელი მომზადებით და სხვა მიზეზებით. მაგალითად, 1937 წლის ოქტომბერში, ეჟოვს ბურიათ-მონღოლური შინსახკომკიდან (НКВД) აცნობეს, რომ ულან-უდეში ვიზიტისას, გასვლითი სესიის მიერ განხილული 66 შემთხვევიდან ნახევარი დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისთვის „დაპატიმრებულთა მიერ საკუთარ ჩვენებებზე უარის თქმასა და ცემის შესახებ ჩვენებების გამო“[28].
სიებში ადამიანების რეალური რაოდენობა, ჩვენი გამოთვლებით, არის 43,631 (ან ნაკლები, რადგან შესაძლოა ზოგიერთი განმეორება ვერ აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ბეჭდვითი შეცდომების გამო). თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეალურად ყველა მათგანი არ იყო გასამართლებული სამხედრო კოლეგიის მიერ.
უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მთელი რიგი სიები დამტკიცდა 1938 წლის აგვისტო-სექტემბერში. ეს იყო შინსახკომის (НКВД) ხელმძღვანელობის ცვლილებების ხანა, რასთან ერთადაც რეპრესიების მასშტაბების შემცირება დაიწყო. 1938 წლის 16 ნოემბერს, სსრკს ცენტრალური კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებით (ხელმოწერილი სტალინისა და მოლოტოვის მიერ), უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ (ВКВС) საქმეების განხილვა შეაჩერა. მაშასადამე, ბევრი მათგანი, ვისი სახელიც შეტანილი იყო ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ 1938 წლის ბოლო სიებში (ეს სიები ჩაკერებულია მე-11 ტომში), გაასამართლა არა უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ (ВКВС), არამედ სხვა სასამართლო ორგანოებმა (ტრიბუნალებმა, საერთო იურისდიქციის სასამართლოებმა) ან შინსახკომთან არსებულმა საგანგებო სათათბირომ და თანაც ხანგრძლივი დაგვიანებით. ამავდროულად, მათ ხშირად უფარდებდნენ არა სიებში მითითებულ დახვრეტას, არამედ სასჯელის სხვა ზომებს, ზოგჯერ კი გაათავისუფლებასაც კი. მაგალითად, 1938 წლის 29 სექტემბერს ხელმოწერილი კუიბიშევის ოლქის სიის შესწავლამ აჩვენა, რომ ჩამოთვლილთაგან, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) მიერ გასამართლებულთაგან, მხოლოდ ერთს მიესაჯა დახვრეტა (1939 წლის მარტში მოსკოვში), უმეტესობას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით (უპირატესად 3-დან 10 წლამდე) საქმეების მეოთხედის გამოძიება კი სრულად შეწყდა. კიდევ ერთი მაგალითია 1938 წლის 20 აგვისტოს ხელმოწერილი სია შინსახკომის 134 ყოფილი თანამშრომლის ჩამონათვალით, რომელიც სრულად არ იყო „რეალიზებული“ დახვრეტის სანქციის შესაბამისად (1 კატეგორიისთვის). ამ სიაში მოხსენიებული ადამიანების დიდი უმრავლესობა დახვრიტეს 1938 წლის 22 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე. მაგრამ ზოგიერთს, მისთვის დამტკიცებული სანქციის მიუხედავად „I კატეგორია“, მიესაჯა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა (ო.მ. ბრანდტს 1939 წლის 17 დეკემბერს შინსახკომის საგანგებო სათათბიროს მიერ (ОСО НКВД) მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვ. ს. ნიკონოვიჩს მიესაჯა 1939 წლის 24 აპრილს 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთა, რ.რ. სობოლს მიესაჯა 8 წელი, იგი პატიმრობიდან 1941 წელს გაათავისუფლეს) ან საქმის დახურვის შემდეგაც კი გაათავისუფლეს, როგორც, მაგალითად, ა.ნ. ტროიცკი (საქმე შეწყვიტა შინსახკომის (НКВД) საგამოძიებო სამსახურიმა და 1939 წლის 29 ივნისს იგი გაათავისუფლეს).
დღეს შეუძლებელია აბსოლუტური სიზუსტით დადგინდეს, „სტალინურ სიებში“ მოხვედრილ რამდენ ადამიანს მიუსაჯა მსჯავრი უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ (ВКВС) და რამდენს – სხვა ორგანომ, რამდენი მათგანი გასამართლდა პირველი და რამდენი მეორე კატეგორიით. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური არქივის მე-7 ფონდში შემონახულია აქტები „სტალინის სიების“ ბრალდებულთაგან 30 ათასზე მეტის დახვრეტის შესახებ, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) განაჩენების მიხედვით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მე-7 ფონდი არ შეიცავს ამ აქტების სრულ კომპლექტს, ზოგიერთი მათგანი დაცულია უსაფრთხოების ორგანოების რეგიონულ არქივებში. არანაკლებ საგულისხმოა, რომ განაჩენთა მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ორგანოებმაც გამოიტანა - მხოლოდ საქართველოს შინსახკომის (НКВД) განსაკუთრებულმა სამეულმა გაასამართლა 2500-ზე მეტი ადამიანი „სტალინური სიებიდან“.
სიებით გასამართლება 1938 წლის შემდეგ
შემორჩენილი დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, სიებით მართლმსაჯულება გაგრძელდა 1938 წლის სექტემბრის შემდეგაც, თუმცა მისი მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდა და რაგითობამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. ახლა ეს მიმდინარეობდა უფრო ოფიციალურად - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК ВКП(б) პოლიტბიუროს ფორმალური გადაწყვეტილებით. ამავდროულად, ყოველ ჯერზე სტალინს წარედგინებოდა შინსახკომისა (НКВД) და პროკურატურის ერთობლივი ბარათი - თხოვნით, რომ ნება დაერთოთ, განეხილათ საქმეები 1934 წლის 1 დეკემბრის კანონის შესაბამისად.
უკვე 1939 წლის 14 თებერვალს ბერიამ და ვიშინსკიმ მსგავსი თხოვნით სტალინს ბარათი გაუგზავნეს. ნოტით, 16 თებერვალს მიღებულ პოლიტბიუროს No. პ68 / 112-ოპ დადგენილებაში, ეწერა: „პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მტრების საქმეები, რომლებიც შედიან კონტრრევოლუციური მემარჯვენე-ტროცკისტული, შეთქმულებითი და ჯაშუშური ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში, 469 კაცის ოდენობით - განსახილველად წარედგინოს სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას, 1934 წლის 1 დეკემბრის კანონის გამოყენებით“[29]. სავარაუდოდ, ამ სიიდან ადამიანების უმეტესობა დახვრიტეს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნისაკენ გვიბიძგებს სტალინის სახელზე დაწერილი ულრიხის მოხსენებითი ბარათი განხორციელებულ სასამართლო პროცესებზე, რომელიც 1939 წლის 16 მარტით თარიღდება. ულრიხის ცნობით, 1939 წლის 21 თებერვლიდან 14 მარტამდე, დახურულ სასამართლო სხდომებზე, უზენაესი სასამართლოს უმაღლესი კოლეგიის (ВКВС) მიერ 436 პირის საქმე განიხილებოდა. აქედან 413-ს დახვრეტა მიესაჯა და სასჯელი უკვე აღსრულებული იყო, 23-ის საქმე კი გადაგზავნილი დამატებითი გამოძიებისთვის. აქვე, ულრიხი აცნობებდა ბელადს ზოგიერთ, აშკარად სტალინისათვის საინტერესო დეტალს ყველაზე ცნობილი ბრალდებულების ქცევის შესახებ. „სასამართლო სხდომაზე“, - წერდა ის, - „კოსიორმა, ჩუბარმა, კოსარევმა, პოსტიშევმა, ეგოროვმა, მ. ბერმანმა და ბ. ბერმანმა სრულად აღიარეს დანაშაული, ზოგიერთმა ბრალდებულმა კი უარი თქვა გამოძიების მსვლელობისას მიცემულ საკუთარ ჩვენებებზე, მაგრამ მხილებულიყვნენ საქმის სხვა მასალებით“[30]. უშუალოდ სია არქივებში არ იძებნება. თუმცა მისი „აღსრულებითი“ ნაწილის თითქმის სრული დაბეჯითებით რეკონსტრუირება შესაძლებელია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური არქივის (ЦА ФСБ) No7 ფონდის შესწავლის წყალობით. როგორც მოსკოვში სასჯელის აღსრულების შესახებ იქ დაცული აქტებიდან ჩანს, 1938 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს უმაღლესი კოლეგიის (ВКВС) საქმიანობაში ხანგრძლივ წყვეტას ჰქონდა ადგილი. ინტენსიური დახვრეტები განახლდა 1939 წლის 20 თებერვალს. 20 თებერვლიდან 15 მარტამდე დახვრიტეს 413 ადამიანი – სწორედ ეს რიცხვი ფიგურირებს ულრიხის მოხსენებაში.
მალევე „სიებით შურისძიების” ახალი სერია დაიწყო. პოლიტბიურომ 1939 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით № П1/ 217-оп დაადგინა: „კონტრრევოლუციური მემარჯვენე-ტროცკისტული, შეთქმულებითი ორგანიზაციების აქტიური მოანწილეების საქმეები“ (სულ 931 პირი) განსახილველად გადაეცეს სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას, 1934 წლის 1 დეკემბრის კანონზე დაყრდნობით. ამავე დროს, 198 ხელმძღვანელ პირთან მიმართებით, გამოიყენებულ იქნას სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, ხოლო დანარჩენ 733 ადამიანს მიესაჯოს პატიმრობა ბანაკში „მინიმალური 15 წლის ვადით თითოეულს“[31]. ეს გადაწყვეტილება ასევე ინიცირებული იყო შინსახკომისა (НКВД) და პროკურატურის ანუ ბერიასა და ვიშინსკის ერთობლივი ბარათით/ნოტით (08.04.1939 . № 996/б).
ბერიამ უზენაესი სასამართლოს უმაღლესი კოლეგიის (ВКВС) საქმეების განხილვის შედეგები გამოაცხადა სტალინის სახელზე დაწერილ 1939 წლის 7 ივნისს ბარათში No 1968/б. მასში ნათქვამია, რომ ცენტრალური კომიტეტის (ЦК) მიერ ჯერ კიდევ 1939 წლის 8 აპრილს დამტკიცებული სიებით, უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) მიერ გასამართლებულ პირებზე, სამხედრო კოლეგიამ და პროკურატურამ დაადგინა, რომ 10 ადამიანისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯისათვის „საბრალდებო მასალები არასაკმარისია და აუცილებელია ყველასთვის 10-დან 25 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით შემოფარგვლა“. ამავდროულად, 8 პირის საქმეების განხილვისას მათ მიმართ „ადრე განსაზღვრული 15-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შრომის ბანაკებში, სამხედრო კოლეგიამ და პროკურატურამ გადაწყვეტა ჩაენაცვლებინა სასჯელის უმაღლესი ზომით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად […]“. ბერია წერდა, რომ შინსახკომი (НКВД) იზიარებს ამ მოსაზრებას და ითხოვს მითითებებს [32]. სტალინმა წერილის წაკითხვის შემდეგ დაადო შემდეგი რეზოლუცია: „ამხ. ბერია, პირველ ჯგუფს მიესაჯოს 10-დან 25 წლამდე პატიმრობა, მეორე ჯგუფიდან დახვრიტეთ რვავე. ი. სტალინი“. (იქვე.ფურც.87). ეს მაგალითი თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქვეყნის უზენაესი სასამართლო ინსტანციის დამოუკიდებლობის ხარისხს. სია ამ შემთხვევაშიც ვერ მოიძებნა, მაგრამ დახვრეტის აქტების შესწავლა აჩვენებს, რომ 8 აპრილიდან (რეალურად 14 აპრილიდან) 2 ივნისამდე მოსკოვში უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) განაჩენის საფუძველზე დახვრიტეს 192 ადამიანი. ბერიას ჩანაწერში მოხსენიებული რვა სიკვდილმისჯილი კი დახვრიტეს 1939 წლის 17 ივნისს.
1940 წელს, 16 იანვარს, ბერიამ სტალინს წარუდგინა კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანის სია[33]. თანდართულ ბარათში (№. 265/б) განიხილებოდა გამოძიების დასრულება დაკავებულ „ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ВКП(б) და საბჭოთა ხელისუფლების მტრებზე, კონტრრევოლუციურ, მემარჯვენე-ტროცკისტულ შეთქმულებით და ჯაშუშურ ორგანიზაციაში აქტიურ მონაწილეებზე, ჯამში 457 ადამიანის ოდენობით“ და იმაზე, რომ შინსახკომი (НКВД) საჭიროდ მიიჩნევს მათი საქმეების განსახილველად გადაცემას უზენაეს სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში, 1934 წლის 01.12.1934 კანონის შესაბამისად. ამავე დროს 346 ადამიანისათვის უნდა მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო 111-ისათვის არანაკლებ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ვითხოვთ თქვენს სანქციას“, - ასე ასრულებს ბერია ჩანაწერს[34]. თანდართულ სიაში სიკვდილმისჯილ 346 ადამიანს შორის იყვნენ ისააკ ბაბელი, მიხაილ კოლცოვი, ნადეჟდა მიხეილის ასული ბუხარინა-ლუკინა, ვსევოლოდ მეიერჰოლდი. სიის მნიშვნელოვანი ნაწილი „ეჟოველი“ ჩეკისტებისა და მათი ოჯახის წევრების სახელებს ეკავათ (აქ ვხვდებით როგორც თავად ეჟოვს, ისე მ.პ. ფრინოვსკის მეუღლესთან და ვაჟთან ერთად). გადაწყვეტილება პოლიტბიურომ უკვე მეორე დღეს - 17 იანვარს მიიღო (№ П11/ 208-оп ). უფრო მეტიც, ამჯერად, ისევე როგორც 1939 წელს, ბერიას წინადადება ყოველგვარი შესწორებისა და ცვლილების გარეშე მიიღეს[35]. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური არქივის (ЦА ФСБ) მე-7 ფონდში ამ სიის შესაბამისი „სამუშაო მასალებია“ დაცული[36], რაც შესაძლებელს ხდის მათში შემავალი ზოგიერთი პირის ნასამართლეობის ვადის და თავისებურების გარკვევას.
1940 წლის 6 სექტემბერს ბერიამ მოითხოვა უფლებამოსილება, უზენაესი სასამართლოს უმაღლესი სამხედრო კოლეგიისათვის (ВКВС) კიდევ 537 პირის საქმე გადაეცათ[37]. თანდართული სია[38] მოიაზრებდა 472 ადამიანის დახვრეტას (მათ შორის 41 შემდეგი ბრალდებით - „შეთქმულებით ორგანიზაციისადმი კუთვნილებისათვის, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ“), ხოლო დანარჩენი 65 პირისათვის უნდა მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 15 წლით.
არქივში დაცული სია შესაბამისი რაოდენობებით აკინძულია ორ ტომად, ცალ-ცალკე, პირველი და მეორე კატეგორიებით.[39]
გაფორმების თავისებურებებით, სია განსხვავდება წინამორბედისაგან: თითოეულ კატეგორიას მინიჭებული აქვს ცალკე სატიტულო გვერდი, შემდეგ მოდის ჩამონათვალი, სადაც მითითებულია თითოეული წინასწარი დაკავებული პირის თანამდებობა და გვერდის ნომერი, რომელზეც განთავსებულია ბრალეულობის მოწმობა (ადრე, როგორც უკვე აღინიშნა, მოწმობები ფორმდებოდა მხოლოდ უცხოელებზე და ისიც არა ყოველთვის). ამჯერად არქივში პოლიტბიუროს გადაწყვეტილება არ შემონახულა და ბარათზე გვხვდება სტალინის ხელით მინაწერი „ამხანაგ ბერიასაგან“.
დახვრეტის აქტების ანალიზი ასევე ადასტურებს ვარაუდს, რომ სტალინმა ამ შემთხვევაში არ მისცა ბერიას სანქცია ამ რაოდენობის ხალხის დაუყოვნებელი გასამართლებისთვის - სიკვდილით დასჯის მასშტაბი 1940 წლის შემოდგომაზე მკვეთრად არ გაზრდილა, მეტიც, 1940 წლის 6 სექტემბრის სიაში შეყვანილი პირებიდან 1941 წლის შუა რიცხვებამდე ათზე ნაკლები პირი დახვრიტეს. როგორც ჩანს, 1941 წლის 30 აპრილს სსრკს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრის ვ. ნ. მერკულოვის მიერ წარდგენილი 513 მსჯავრდებულის სიაც (მათგან 466 დახვრეტას ექვემდებარებოდა), ზუსტად ამგვარად იქნა უარყოფილი. როგორც იკვეთება, სტალინი არ მიიჩნევდა, რომ არსებობდა განსაკუთრებული საჭიროება ისეთი გადაუდებელი ზომების მისაღებად, როგორიცაა მსჯავრდება „სიების მიხედვით“ და რომ შესაძლებელია იმ პროცედურების გამოყენება, რომლებიც არსებობდა 1937 წლამდე, როდესაც უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) მიერ გამოტანილი დახვრეტის განჩინებები პოლიტბიუროს სამართლებრივი კომისიის დამტკიცებას ექვემდებარებოდა. მართლაც, 1939 წლიდან მოყოლებული, ამ კომისიამ, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაიწყო უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) განჩინებათა განხილვა (რა თქმა უნდა, იმის გარდა, რაც წინასწარ განსაზღვრული იყო პოლიტბიუროს მიერ წინსწრებით დამტკიცებული სიებით).
1941 წლის 27 ივნისს ბერიამ და მერკულოვმა მიმართეს სტალინს ბარათით, სადაც ითხოვდნენ 1302 პატიმრის სიკვდილით დასჯის ნებართვას, მათ შორის იყო 775 პიროვნება, რომლებიც ჯერ არ იყო გასამართლებული და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდნენ და 527 პირი, რომლებიც სასჯელს იხდიდა ორლოვისა და ვლადიმირის ციხეებში ადრე გამოტანილი განაჩენით. წინა მსგავსი მოთხოვნებისგან განსხვავებით, ბარათში არ იყო მითითებული, თუ რომელ ორგანოს უნდა გაესამართლებინა ყველა ეს ადამიანი. შესაძლოა, ავტორებს მხედველობაში ჰქონდათ რაიმე სპეციალური არასასამართლო ორგანოს შექმნა პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით. თუმცაღა, ჩვენ არ ვიცით პოლიტბიუროს გადაწყვეტილება ამ ბარათთან დაკავშირებით და არც რაიმე საგანგებო სადამსჯელო ორგანოები შექმნილა. სამწუხაროდ, თანდართული სია ჯერ არ არის აღმოჩენილი. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვის ციხეებმა მიიღეს სტალინის სანქცია სასწრაფო „განტვირთვაზე“. ამავდროულად, სიების მიხედვით სასჯელის გამოტანის წინა პროცედურისგან განსხვავებით, 1941 წლის ივლისის დასაწყისში უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის (ВКВС) მიერ გამოტანილი ბევრი სასჯელი (მათ შორის 324 ბრალდებული 1940 წლის 6 სექტემბრის სიის ფიგურანტი იყო) განიხილა პოლიტბიუროს სამართლებრივმა კომისიამ (მ.ი. კალინინი, მ.ფ. შკირიატოვი, ვ.ნ. მერკულოვი) და 18 ივლისს თითქმის ყველა დამტკიცდა.
სამი დღის განმავლობაში - 27, 28 და 30 ივლისს - 5-12 ივლისის უზენაესი სასამართლო სამხედრო კოლეგიის (ВКВС) განჩინებით, მოსკოვში დახვრიტეს 513 ადამიანი. რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ასევე გაასამართლა უზენაესი სასამართლო სამხედრო კოლეგიამ (ВКВС) ივლისის პირველ ნახევარში, დახვრიტეს მოგვიანებით, 1941 წლის 16 ოქტომბერს.[40]
ჩვენთვის ცნობილი შემდგომი სიებით დახვრეტები განეკუთვნება სამხედრო პერიოდს, როდესაც, პოლიტბიუროს მრავალი ფუნქცია, როგორც ცნობილია, დაეკისრა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტს (ГКО).
1941 წლის 6 სექტემბერს სტალინმა ხელი მოაწერა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის (ГКО) №634 сс გადაწყვეტილებას, რომლითაც ნებადართული იყო პატიმრების სიკვდილით დასჯა ორიოლის ციხეში, რომელშიც ვკითხულობთ: „გამოიყენეთ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა 170 პატიმრის მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან სხვადასხვა დროს ტერორისტული, ჯაშუშურ-დივერსიული და სხვა კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის. მასალების განხილვა ევალება სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას“[41].
1942 წლის 29 იანვარს ბერიამ სტალინს გაუგზავნა 46 „დაპატიმრებული, სსრკ-ს შინსახკომზე (НКВД) რიცხულთა“ სია. ამჯერად საკითხი ნაკლებად ფორმალურად გადაწყდა. არანაირი დადგენილება არ მიღებულა, დაედო მხოლოდ რეზოლუცია: „დახვრიტეთ ბარათში მითითებული ყველა პირი. ი. სტალინი“[42]. ამ სიაში არაერთი გენერალია, მათ შორის ოლქების სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურები, საბრძოლო მასალების ყოფილი სახალხო კომისარი (Народный комиссариат боеприпасов СССР) ი.პ. სერგეევი და სხვები.
ჩვენთვის ცნობილი ბოლო სიები 1950 წლის იანვარში სიკვდილით დასჯის აღდგენიდან მალევე გამოჩნდა (სიკვდილით დასჯა გაუქმდა 1947 წლის 26 მაისს). უკვე 1950 წლის 23 მარტს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვ. აბაკუმოვმა სტალინს წარუდგინა 85-კაციანი სია[43]. ისინი უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას უნდა გაესამართლებინა ლეფორტოვოს ციხეში. მომავალ ბრალდებულებს განაჩენის გასაჩივრებისა და შეწყალების მოთხოვნის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ. ფაქტობრივად, ასეთი სასამართლო პროცედურა შეესაბამებოდა 1934 წლის 1 დეკემბრის კანონს, თუმცა ეს კანონი აბაკუმოვის წერილში პირდაპირ არ იყო ნახსენები. ამ სიაში, სხვებთან ერთად, აგრეთვე შედიოდა „ლენინგრადის საქმეზე“ და „ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის (ЕАК) საქმეზე“ დაკავებულთა გვარები. ამჯერად, აბაკუმოვის ინიციატივამ სტალინის მხარდაჭერა არ ჰპოვა: მას სხვა გეგმები ჰქონდა ლენინგრადელ ხელმძღვანელებთან და „ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის (ЕАК) მუშაკებთან დაკავშირებით – დაეორგანიზებინა სპეციალური სასამართლო პროცესები და არ გაესამართლებინა „თითოეული ბრალდებული ცალ-ცალკე“, როგორც ამას აბაკუმოვი სთავაზობდა. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების პროცედურას, ამას სტალინის წინააღმდეგობა არ გამოუწვევია. როდესაც 1950 წლის 11 აპრილს აბაკუმოვმა დასამტკიცებლად წარადგინა შესწორებული სია (ამჟამად 35-კაციანი), საიდანაც გამოირიცხა „ლენინგრადის“ და „ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის“ (ЕАК) საქმის ბრალდებულები, სტალინმა იგი მაშინვე დაამტკიცა“[44]. განმეორებით სიაში დასახელებული ყველა პირი გაასამართლეს და დახვრიტეს 1950 წლის აპრილში, ხოლო "ლენინგრადის საქმეში" და „ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის“ (ЕАК) საქმეში ბრალდებულები, შესაბამისად, გაასამართლეს დახურულ სასამართლო პროცესებზე 1950 წლის ოქტომბერში და 1952 წლის აგვისტოში.
სიების პირველი ხსენება პოსტ-სტალინურ ეპოქაში
1954 წლის 3 თებერვალს სსრკს შინაგან საქმეთა მინისტრმა ს. ნ. კრუგლოვმა გაუგზავნა ნ.ს. ხრუშჩოვს მოხსენებითი ბარათი.
„გაცნობებთ, რომ სსრკს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ნაპოვნია 383 პირისაგან შემდგარი „სია ადამიანებისა, რომლებიც სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ გასამართლებას ექვემდებარებიან“ . ეს სიები 1937 და 1938 წლებში შეადგინა სსრკს შინსახკომმა (НКВД СССР) და ამავე დროს განსახილველად წარუდგინა ბოლშევიკების გაერთიანებული კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს (ЦК ВКП(б)). ყველა სია შეიცავს ი.ბ.. სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების ხელნაწერ რეზოლუციებს.
აქვე წარმოგიდგენთ ყველა მითითებული სიის ორიგინალს. საჭირო საცნობარო სამუშაოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულია სიების მეორე ეგზემპლარი (ასლები).
დანართი: ტექსტის მიხედვით 11 ტომად“[45].
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ზოგადი განყოფილების უფროსის ვ. ნ. მალინის, თანმხლებ წერილზე მინაწერის თანახმად, ეს საკითხი ხრუშჩოვს დაუყოვნებლივ, 1954 წლის 4 თებერვალს ეცნობა. პირველად ხრუშჩოვმა „სსრკს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მსჯავრდებული/ გასამართლებული პირების“ სიების არსებობა საჯაროდ 1956 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 სხდომის დახურულ მოხსენებაში გაამჟღავნა:
„არსებობდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სსრკს შინსახკომი (НКВД СССР) ადგენდა იმ პირთა სიებს, რომელთა საქმეებიც სამხედრო კოლეგიაში განხილვას ექვემდებარებოდა და ბრალდებულებს წინასწარ უფარდებდნენ სასჯელის ზომა. ეს სიები ეჟოვის მიერ პირადად ეგზავნებოდა სტალინს დასამტკიცებლად. 1937-1938 წლებში სტალინს 383 ასეთი სია გაეგზავნა ათასობით პარტიულ, საბჭოთა, კომკავშირელ, სამხედრო და სამეურნეო მუშაკებზე და მიღებულ იქნა მისი დასტური[46].
უკვე XX სხდომის შემდეგ, 1956 წლის 27 ივლისს, გადაწყდა, რომ ეს სიები მუდმივად იყოს დაცული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК КПСС) პრეზიდიუმის არქივში[47]. სიები გადაეცა ცენტრალური კომიტეტის ზოგადი განყოფილების VI სექტორს (პრეზიდიუმის/პოლიტბიუროს არქივი), სადაც მასალები დაუმუშავებელი სახით ინახებოდა 1974 წლის ნოემბრამდე, სანამ ისინი შეტანილ იქნა №24 ფონდის აღწერაში №3. ფაილებს ჰქონდა აღნიშვნა „განსაკუთრებული საქაღალდე“, რაც ავტომატურად ზღუდავდა ამ დოკუმენტებზე წვდომას.
80-იანი წლების ბოლომდე, ამ მასალებთან პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართვიანობაზე არავითარი ცნობები არქივში არ შემონახულა. „მხოლოდ 1930-40-იანი წლების და 50-იანი წლების დასაწყისში მომხდარ რეპრესიებთან დაკავშირებული დამატებითი მასალების შესწავლისათვის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК КПСС) პოლიტბიუროს კომისიის“ ჩამოყალიბების (28.09.1987) შემდეგ, 1988 წლის დეკემბერში კომისიის წევრისთვის - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტთან (ЦК КПСС) არსებული პარტიული კონტროლის კომიტეტის (КПК) თავმჯდომარეს ბ.კ. პუგოს არქივის თანამშრომლებმა მოუმზადეს მცირე ზომის საიდუმლო მოხსენება - „სსრკს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ცნობები 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირთა სიებზე“. იგი მოიცავდა სტატისტიკურ მონაცემებს სიებში შეყვანილი პირების რაოდენობის შესახებ (კატეგორიებად დაყოფის მიხედვით), ასევე მითითებული იყო, ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ( ЦК ВКП(б)) პოლიტბიუროს რამდენი წევრის რეზოლუცია იყო ამ დოკუმენტებზე, აგრეთვე დამატებით თანდართული იყო ცალკეული მინაწერების სია.
1998 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არქივში შენახული სიები განასაიდუმლოა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უწყებათაშორისმა კომისიამ, რამაც საბოლოოდ შესაძლებელი გახადა მათი შესწავლის დაწყება.
სტატია გამოქვეყნებულია „საერთაშორისო მემორიალის“ ვებ გვერდზე.
ქართული თარგმანი: ანტონ ვაჭარაძე
რედაქტირება: ესმა მანია, ეკა კალანდაძე
[1] რუსეთის სახელმწიფო სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის არქივი (რუს.: РГАСПИ) ფონდი 17, აღწერა 162, საქმე 7, ფურცელი 99.
[2] „საკავშირო რესპუბლიკების მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ”. იხ. ტექსტი: Сборник законодательных и нормативных актов о репрессиях и реабилитации жертв политических репрессий. М., 1993. С.33–34.
[3] მაგალითად, სსრკ გენერალური პროკურორის, ვიშინსკის 1935 წლის 25 დეკემბრის შეთავაზებით, პოლტბიურომ დაადგინა: „სოკოლოვის და ტელიცინის ბრალდების საქმე გადაეცეს ლენინგრადის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალს 1.12.34 წლის კანონის საფუძველზე და განსასჯელთა მიმართ დახვრეტის გამოყენებით”. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივი, (АП РФ). ფონდი. 3. აღ. 58. საქ. 230. ფურც. 60. ასეთ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება პოლიტბიუროს 02.07.1937 გადაწყვეტილება „მდივანი ბ., ტოროშელიძე მ., ოკუჯავა მ., ყურულოვი გ., ჩიხლაძე ს., პირუმოვი ს., ელიავა გ., და ქარცივაძე ნ. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოსთვის გადაცემაზე 1934 წლის 1 დეკემბერის კანონის გამოყენებით. ადგილობრივ პრესაში განაჩენისა და მისი აღსრულების შესახებ მოკლე ანგარიშის გამოქვეყნებით. РГАСПИ, ფონდი 17, აღ.166, საქ.575, ფურც.17.
[4] იხ.: Известия ЦК КПСС. 1989. № 7. С. 86–93.
[5] РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ. 224, ფურც. 130.
[6] თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების სტალინის სანქცირების გარეშე მიღება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით იხ. ეჟოვის წერილის სტალინისადმი (09.09.1936) და სტალინის რეზოლუცია (РГАСПИ, ფონდი 558, აღ. 11, საქ. 729, ფურც. 83–85), წერილის შავი ვარიანტი (Хлевнюк О. В. Политбюро : Механизмы политической власти в 30-е годы. М., 1996. С. 205–206) და, როგორც რეაქცია, სტალინის მიერ პოლიტბიუროსთვის ნაკარნახევი გადაწყვეტილება ЦК ВКП(б) П43/305 от 29.09.1936 «Об отношении к контрреволюционным троцкистско-зиновьевскимэлементам» (РГАСПИ, ფონდი.17, აღ.171, საქ.241, ფურც.213).
[7] № П3197. Без протокола. «О.О.П." (РГАСПИ, ფონდი.17, აღ. 171, საქ.242, ფურც. 173–174). გადაწყვეტილების დედანში, სიტყვა „სასამართლო” მიწერილია ზემოთ, ხოლო გრიფი „განსაკუთრებული საქაღალდე” გადახაზულია და მის მაგივრად მიწერილია ООП (განცალკევებული/ცალკე განსაკუთრებული საქაღალდე - О[тдельная?] О[собая] П[апка]). სავარაუდოდ, უფრო მაღალი საიდუმლოების გრიფით, ვიდრე უბრალოდ „განსაკუთრებული საქაღალდე”.
[8] რუსეთის უახლესი ისტორიის სახელმწიფო არქივი (РГАНИ, ფონდი 2, აღ. 1, საქ. 224, ფურც. 70).
[9] ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური არქივი (ЦА ФСБ, ფონდი 3, აღ.4, საქ.1464, ფურც. 166–167). ციტატა აღებულია: Хаустов В., Самуэльсон Л. Сталин, НКВД и репрессии 1936—1938 гг. М., 2009. С.331.
[10] ЦА ФСБ, ფონდი.3, აღ.5, საქ.1410, ფურც.212.
[11] იქვე, აღ.4, საქ.2241, ფურც.685.
[12] РГАСПИ, ფონდი.17, აღ.171, საქ.301, ფურც.178–180.
[13] 1937-1938 წლების სიებში სულ 205 ასეთი მოწმობაა, აქედან ექვსი მეორდება; გარდა ამისა, მოწმობის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სიაში 74 პირია შეყვანილი.
[14] ზოგიერთ შემთხვევაში, სიების დათარიღება დამატებით კვლევას მოითხოვს. ასე, მაგალითად, 1937 წლის 1 აპრილს სვერდლოვსკის ოლქის სიას მოაწერა ხელი აგრანოვმა, როგორც მე-4 განყოფილების უფროსმა, თუმცა მან ეს თანამდებობა მხოლოდ 15 აპრილს დაიკავა. გარდა ამისა, ამ სიიდან 13 პირი უკვე ნასამართლევი იყო 31 მარტს და დახვრიტეს 1 აპრილს, 27 ადამიანი გაასამართლეს და დახვრიტეს 4 მაისს.
[15] მხოლოდ ერთ შემთხვევაში (1938/04/1938) არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სიების დამტკიცებისას ესწრებოდა მალენკოვი, იმ დროს ცენტრალური კომიტეტის წამყვანი პარტიული ორგანოების განყოფილების ხელმძღვანელი(იხ.: На приеме у Сталина: Тетради (журналы) записей лиц, принятых И. В. Сталиным (1924—1953 гг. ) : Справочник / Научный редактор А. А. Чернобаев . М., 2008. С.235).
[16] იხ.: Политбюро ЦК РКП(б)-ВКП(б). Повестки дня заседаний, 1919–1952: Каталог. Т.2. М., 2001.
[17] ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად და როგორ ხდებოდა სიების დამტკიცება სტალინის მონაწილეობის გარეშე (მაგალითად, 01/03/1938, როდესაც 22 სიას მოაწერეს ხელი ჟდანოვმა, მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა და ვოროშილოვმა).
[18] რესპუბლიკა მარი ელის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის არქივი (Архив УФСБ РФ по Республике Марий Эл. საქ. 595. ფურც. 186–189). ციტატა: Сануков К. Н. Расправа над так называемым «штабом марийских буржуазных националистов» // Марийский юридический вестник. 2012. Вып. 9. С. 25.
[19] АП РФ, ფონდი.3, აღ.58, საქ.212, ფურც.137–139.
[20] ЦА ФСБ, ფონდი 3, აღ.4, საქ.2256, ფურც.489.
[21] იქვე: აღ.5, საქ.86, ფურც. 313.
[22] იქვე, ფონდი.7, აღ.1, საქ.9, ფურც. 51–58.
[23] ის ფაქტი, რომ ეს საქმეები განიხილებოდა გამარტივებული წესით, დასტურდება, მაგალითად, სსრკ იუსტიციის სახალხო კომისრის ნ.მ. რიჩკოვის, სსრკ პროკურორის მ. ი. პანკრატიევისა და სსრკ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ი. Ტ. Გოლიაკოვის სტალინისა და მოლოტოვისთვის მიწერილი წერილით, რომელიც 1939 წლის 3 დეკემბრით თარიღდება. ისინი წერდნენ: „სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ, განსაკუთრებით 1937 და 1938 წლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოდ განიხილა კონტრრევოლუციური დანაშაულის შესახებ სასამართლო საქმეების დიდი რაოდენობა. ეს საქმეები განიხილებოდა გამარტივებულად და, როგორც წესი, მოწმეების გამოძახების გარეშე” (АП РФ, ფონდი.3, აღ.57, საქ.38, ფურც.179). გადახედვის პრობლემა ის იყო, რომ კანონის თანახმად, ეს მხოლოდ სსრკ უზენაესი სასამართლოს პლენუმს შეეძლო, რომელიც შედგებოდა 30 ადამიანისგან, რაც, წერილის ავტორების აზრით, არასასურველია, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს ამ საქმეების მასალების გამჟღავნება. „ამ კატეგორიის საქმეები, - დაიწერა შემდგომში, - საიდუმლოდ არის და ამ საქმეებთან დაკავშირებული მასალები წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოებას. Ამიტომ საქმეების განსახილველად შემოთავაზებულ იქნა უზენაესი სასამართლოს სამი ადამიანის, „ვიწრო შემადგენლობის“ გამოყენება სსრკ პროკურორის პირადი მონაწილეობით (იქვე: ფურც.180–181). 1939 წლის 7 დეკემბერს ბერიამ ამ წერილის პასუხად აღნიშნა: „... ეს საქმეები განიხილებოდა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1937–38 წლებში. 1.XII-1934 წლის კანონის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვას მოწმეების გამოძახების გარეშე“ და დაასკვნა, რომ დადგენილი პროცედურის დარღვევა შეუსაბამოა და ასეთი საქმეების განხილვა სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს პლენუმის პრეროგატივად უნდა დარჩეს. სტალინის გარდაცვალების შემდეგაც კი, მისი მემკვიდრეები არ ჩქარობდნენ, უარი ეთქვათ გამარტივებულ სასამართლო პროცესზე და გამოიყენეს ეს პროცედურა, მაგალითად, 1953 წლის დეკემბერში, როდესაც ბერია გაასამართლეს, თუმცა ეს ალბათ იზოლირებული მაგალითია. 1934 წლის 1 დეკემბრის კანონი გაუქმდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მხოლოდ 1956 წლის 19 აპრილს (იხ.: Сборник законодательных и нормативных актов о репрессиях и реабилитации жертв политических репрессий. М., 1993. С.34).
[24] Муранов А.И., Звягинцев Р. Е. Суд над судьями (особая папка Ульриха). Казань, 1993. С.68.
[25] Записка от 18.02.63 // Реабилитация: как это было: Документы Президиума ЦК КПСС и другие материалы. Т.2. Февраль 1956 — начало 80-х годов / Сост. А. Н. Артизов , Ю. В. Сигачев , В. Г. Хлопов , И. Н. Шевчук . М., 2003. С.592.
[26] მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კ.ფ. როლერის საქმე, სადაც არის ბმული «Т.2. Л.105» - შიხსახკომიდან სიების გადატანისას შეიცვალა გვერდების ნუმერაცია, მაგრამ გვ. 258-ზე აშკარად ჩანს წინა ნომერი.
[27] ЦА ФСБ, ფონდი 3, აღ.5, საქ.85, ფურც. 244–247.
[28] იქვე: აღ.4, საქ.157, ფურც.578.
[29] РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ.373, ფურც. 1–2.
[30] იქვე: ფურც. 74.
[31] იქვე: საქ.374, ფურც. 1. სია არ არის გამოვლენილი.
[32] თავის მხრივ, ულრიხმა სტალინს აცნობა სამხედრო კოლეგიაში მიმდინარე საქმეების შესახებ. ასე რომ, 1939 წლის 15 ივნისს მან განაცხადა, რომ აპრილის ბოლოდან მოსკოვში სამხედრო კომისიის სრულიად რუსეთის სამხედრო კომისიის დახურულ სხდომებზე განიხილებოდა საქმეები 1934 წლის 12.12.1934 კანონის შესაბამისად 673 წევრის მიმართ. „მემარჯვენე ტროცკისტულ, შეთქმულებაში და ჯაშუშურ ორგანიზაციაში წევრობისთვის“ 174 პირს მიესაჯა სიკვდილით დასჯა (სასჯელი აღსრულდა), 423 – პატიმრობა ბანაკებში, ხოლო 76 ადამიანის საქმე გადაეგზავნა შემდგომ გამოძიებას.
[33] იქვე: საქ.377, ფურც. 116–136.
[34] იქვე: ფურც. 116.
[35] თუმცა ამ 346 ადამიანიდან ყველა არ დაუხვრეტიათ (მაგალითად, ჩეკისტ სალამოვს, ყოფილ მდივანს და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის, ვ.მ. კურსკის უახლოეს თანამშრომელს, მიესაჯა ბანაკი, გადარჩა და 1989-1990 წლებში „პრავდა“ წერდა მასზე, როგორც „სტალინური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლზე.")
[36] ЦА ФСБ, ფონდი. 7, აღ. 1, საქ. 19-а , 19-б.
[37] ბარათი № 3561/б / РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ.378, ფურც. 1–2.
[38] РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ.421, ფურც.1–492; საქ.420, ფურც. 1–68.
[39] სიების სატიტულო გვერდებზე უცნობი წარმოშობის ხელნაწერი შენიშვნის შესაბამისად, სიების ტომების შიდა ჩანაწერები 1941 წლის მარტით თარიღდება.
[40] ამ დღეს მოსკოვში 1937-1938 წლების შემდეგ ყველაზე მასობრივი სიკვდილით დასჯა განხორციელდა, დახვრიტეს 222 ადამიანი, მათგან 45-ს ВКВС-მ მიუსაჯა.
[41] РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ. 378, ფურც. 191.
[42] РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ.378, ფურც. 196–211.
[43] АП РФ, ფურც.3, აღ. 57, საქ.100, ფურც. 3.
[44] იქვე: ფურც.55. იხ. სია: ფურც. 55–76.
[45] РГАСПИ, ფონდი 17, აღ. 171, საქ. 409, ფურც. 1.
[46] Реабилитация: Политические процессы 30-50-х годов. М., 1991. С.39. აღნიშნული სიები ხრუშჩოვმაც გამოიყენა „სააპარატო“ ბრძოლაში. ასე რომ, სკკპ ცენტრალური კომიტეტის ივნისის პლენუმზე გამოსვლისას (1957), ხრუშჩოვის მხარდამჭერმა გ.კ. ჟუკოვმა მოიხსენია ეს სიები და მოლოტოვი, კაგანოვიჩი და მალენკოვი მასობრივ რეპრესიებში დაადანაშაულა. (იხ.: Молотов, Маленков, Каганович, 1957. М., 1998. С.38–39). ის, სავარაუდოდ, ეყრდნობოდა 1957 წელს შედგენილ კგბ-ს მოწმობას (РГАНИ, ფონდი 2, აღ.1, საქ.224, ფურც.70–82. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში: Источник. 1999. № 5. С. 81–84). მოწმობის ტექსტში, რომელიც მოიცავდა შემაჯამებელ ინფორმაციას და სტატისტიკას ტომებისა და რეგიონების მიხედვით, ნათქვამია, რომ „ამხანაგ ჟუკოვს აქვს მსგავსი მოწმობა“.