პროექტის შესახებ
2023 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, შექმნა "სტალინური სიების" ვებგვერდი.
ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ დროს, უშუალოდ სტალინის გადაწყვეტილებით საქართველოში რეპრესირებული ადამიანების შესახებ (საერთო ჯამში, 3616 ადამიანი).
გამოქვეყნებული ინფორმაცია შედგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა (სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ყოფილი არქივისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი არქივის დოკუმენტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კარტოთეკის ბარათები) და ორგანიზაცია „საქართველოს მემორიალის“ არქივში დაცული მასალების, რეპრესირებულ პირთა ოჯახებში შემონახული ფოტოებისა და დოკუმენტების, ასევე ღია წყაროებით მოძიებული მონაცემების მიხედვით.
„სტალინური სიების“ პირველი ვერსია შეიქმნა 2011-2013 წლებში IDFI-ის მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. „სტალინური სიები საქართველოდან“ იყო პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა საქართველოში, რომელიც 1937-1938 წლების "დიდი ტერორის" დროს უშუალოდ იოსებ სტალინის ხელმოწერითა და ბრძანებით რეპრესირებული პირების შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავდა.